ახალი ამბები

ვანუატუ და აფხაზეთის (არ)აღიარება

მას შემდეგ, რაც გაეროში ვანუატუს წარმომადგენელმა უარყო აფხაზეთის აღიარება, ვანუატუს კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა ამჯერად განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ აღიარა სეპარატისტული რეგიონი.

ვანუატუს პრემიერ–მინისტრის უფროსმა მრჩეველმა ჯონ შინგმა განაცხადა, რომ ვანუატუ დათანხმდა აფხაზეთის თხოვნას აღიაროს ეს რეგიონი და რომ ამ თანხმობის მიზეზებს წყნარ ოკიანეში მდებარე პატარა კუნძულებზე განთავსებული სახელმწიფოს მთავრობა მალე ახსნის, იტყობინება Radio New Zealand International 7 ივნისს.

იმავდროულად, 7 ივნისს რუსულმა გაზეთმა "კომერსანტმა“ იმ შეთანხმების ასლი გამოაქვეყნა, რომელსაც სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ და ვანუატუს პრემიერ–მინისტრმა სატო კილმანმა მოაწერეს ხელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

გასულ კვირას ვანუატუს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, დონალდ კალპოკასმა კატეგორიულად უარყო აფხაზეთის განცხადება, რომ იგი ვანუატუმ აღიარა.

"კომერსანტის“ ცნობით, ამ საკითხის გარშემო საპირისპირო ინფორმაციის გავრცელების მიზეზი შესაძლოა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება იყოს, ვინაიდან დონალდ კალპოკასი, რომელიც წარსულში ორჯერ იყო ვანუატუს პრემიერ–მინისტრი, ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრ კილმანის პოლიტიკური მეტოქეა. ამ უკანასკნელმა 13 მაისს აღიდგინა თავისი უფლებამოსილებები პრემირ–მინისტრის პოსტზე მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი თვის წინ მას ეს უფლებამოსილებები ჩამოერთვა.

2004 წელს, შიდა უთანხმოებების ფონზე, ვანუატუს მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა აღიარა ტაივანი, თუმცა ერთი კვირის თავზე მისმა მთავრობამ ეს აღიარება გააუქმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button