
საია პრეზიდენტს მოუწოდებს ვეტო დაადოს “თავისუფლების ქარტიას”
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწოდებს, რომ ვეტო დაადოს "თავისუფლების ქარტიას“ მისი სრულყოფის მიზნით, რათა სერიოზულად არ დადგეს "ადამიანის უფლებებათა დარღვევისა და კანონის პირადი ინტერესებისათვის გამოყენების საფრთხე“.
დეპუტატ გია თორთლაძის ინიცირებული "თავისუფლების ქარტია“, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 31 მაისს ერთხმად დაამტკიცა, სამ სფეროს არეგულირებს: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საიას თქმით, აშშ–ის "პატრიოტის აქტის“ საკმაოდ "მწირ“ ქართულ ანალოგიას წარმოადგენს; ყოფილი საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლების ლუსტრაციას; საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღკვეთის ღონისძიებებს.
საიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლუსტრაციის საკითხზე მუშაობა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაგვიანებით დაიწყო, "ეს ცალსახად დადებითი და საჭირო ნაბიჯია სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის“.
“თუმცა, რამდენადაც მნიშვნელოვანია ამ კანონის ამოქმედება სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის, იმდენადვე საფრთხილოა მისი არსებობა,“– ნათქვამია წერილში, რომელიც საიამ პრეზიდენტს "თავისუფლების ქარტიის“ სამართლებრივი ანალიზის დოკუმენტთან ერთად 3 ივნისს გაუგზავნა.
დასკვნაში, სადაც ყურადღება გამახვილებულია კანონპროექტის როგორ დადებით ისე უარყოფით ასპექტებზე, მოცემულია რეკომენდაციები, რომელთა დროული გათვალისწინებაც, საიას თქმით, არსებული რედაქციის სრულყოფისათვის "კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.
დადებით ასპექტებს შორის საია გამოყოფს კანონონპროექტის იმ პრინციპს, რომ თანამდებობრივი შეზღუდვები ვრცელდება პირებზე, რომელთაც რეალური გავლენა აქვთ ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სფეროებზე და რომ ამგვარი შეზღუდვები არ ეხება კერძო სექტორს.
“თავისუფლების ქარტია“ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობრივი შეზღუდვებს უწესებს მათ, ვინც 1989 წლის 9 აპრილამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან კავშირში იყვნენ მათთან. ამ პირების რეესტრს და მათ შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობას საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი კომისია უზრუნველყოფს, რომელსაც შეუძლია საჯარო გახადოს მხოლოდ იმ პირთა ვინაობა და მონაცემები, რომელთაც უკავიათ აკრძალული თანამდებობა და ნებაყოფლობით არ განაცხადებენ მასზე უარს.
საია კომისიის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკომპლექტების წესს კანონპროექტის "ყველაზე დიდ სისუსტეს“ უწოდებს, სადაც არ არის განსაზღვრული წევრთა ზუსტი რაოდენობა, მუშაობის წესი, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, კომისიის წევრთა დამოუკიდებლობის გარანტიები. ამ საკითხებს, კანონპროექტის თანახმად, შსს თავად დაარეგულირებს.
საია მიიჩნევს, რომ კანონპროექტით გასათვალისწინებელია იმ პირთა უფლებების დაცვა, რომლებიც თანამშრომლობდნენ ყოფილ სსრკ-ს სპეცსამსახურებთან, რათა წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მათი "შანტაჟის“ საფუძველი არ გახდეს.
“საჭიროდ მიგვაჩნია კანონპროექტმა გაითვალისწინოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, შექმნას პირის პროცესუალური დაცვის გარანტიები, რათა არ შეიქმნას სამართლებრივი ვაკუუმი და კანონი არ გახდეს პოლიტიკური ბრძოლისა და პირადი ინტერესების განხორციელების საშუალება,“– აცხადებს საია.