ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო შემდგარი სახელმწიფოა

ქართულ სახელმწიფოს "ჯერაც გააჩნია ხარვეზები“, თუმცა ახლა ეყრება საფუძველი მისი სუვერენიტეტის "ფუნდამენტს“, რომელსაც "მუდვიმად თავს ესხმის ბოლომდე თავზეხელაღებული ჩვენი მეზობელი“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.

“დღეს საქართველო შემდგარი სახელმწიფოა,“– განაცხადა სააკაშვილმა "დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ქვეყნებისთვის სამაგალითოდ ვაშენებთ  ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამ მონდომების შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით წესრიგის დამყარება და ერთად ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, რომელიც დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებებს,  რომელიც დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს კრიმინალისგან და იმ უსამართლობისგან,  რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობასა და მის წინაშე თანასწორობის უარყოფას“.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის განვლილი 20 წლის განმავლობაში "ჩვილი ბავშვივით უსუსურ“ სუვერენიტეტს "მუდმივად თავს ესხმის ბევრად უფრო დიდი რესურსების მქონე, სამხედრო ძალით  ბევრად მეტით შეიარაღებული და ბოლომდე თავზეხელაღებული ჩვენი მეზობელი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს აღიდგინოს თავისი იმპერია და ამას საფუძველი უნდა ჩაუყაროს სწორედ საქართველოში“.

თუმცა, მისი თქმით, საქართველო ურყევად ადგას "დასავლური და ევროატლანტიკური ფასეულობების“ კურსს.

“ჩვენი საგარეო პოლიტიკური არჩევანი ურყევი და თანმიმდევრულია, რომ ჩვენი გეზი ორიენტირებულია მხოლოდ დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროსკენ, შედეგად ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო სულ უფრო იძლიერებს პოზიციებს დასავლურ და ევროპულ ცივილიზაციაში, რომელსაც ჩვენ ისტორიულად ვეკუთვნით“.  

“ჩვენი ქვეყანა იბრძვის კუთვნილი ადგილის მოსაპოვებლად საერთაშორისო სისტემაში. ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანი ჯერად არის საქართველოს გამთლიანება და სრული დეოკუპაცია,"– განაცხადა მან.

"საქართველო აუცილებლად იქნება მთლიანი, საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული, მიუხედავად მტრის ყველა ხრიკისა, საბოლოოდ გამარჯვებული და საქართველო, როგორი პროვოკაციების არ უნდა განხორციელდეს, როგორი წნეხიც არ უნდა იყოს, როგორი მუქარებიც, როგორი შანტაჟიც… აუცილებლად საბოლოოდ იქნება თავისუფალი,“– განაცხადა სააკაშვილმა.   

"ჩვენ ახლა ვეჩვევით აზრს, რომ ვცხოვრობთ საკუთარ სახელმწიფოში და არა დამპყრობლის მიერ კონტროლირებად რაღაც ტერიტორიაზე… ახლა ვაცნობიერებთ, რომ სისტემა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება არსებობს, არ არის თავს მოხვეული რომელიმე უცხო ძალის მიერ, არამედ მას ვქმნით ჩვენ… ჩვენ ახლა ვიმეცნებთ, როგორც საზოგადოება, რომ კანონის უზენაესობა, იმპერიის მორჩილების ნაცვლად, საკუთარი სამშობლოს წარმატებას და გაძლიერებას ნიშნავს… რომ სამხედრო სამსახური ეს არის არა ოკუპანტის უცხო ჯარში სამსახური, არამედ ეს არის ჩვენი არმია“.

მისი თქმით, „ძლიერი ქართული არმია“ არა მხოლოდ ჩვენი ერის უსაფრთხოებას იცავს, არამედ „ცივილიზებული კაცობრიობის მხარეს ღირსეულად იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალურ ომში“.

“დამოუკიდებლობის 20 წელი ერთბაშად არის ძალიან ცოტა და ძალიან ბევრიც. დღეს ჩვენ აღარ ვართ იმ უფრსკულში, რომელშიც ვიყავით თუნდაც 20 ან 10 წლის წინ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვიკლია მანამ, სანამ ბოლომდე გავივაკებთ,“– განაცხადა სააკაშვილმა, „ბევრი ჩვენი თანამემამულე ვერ ეხსნება გაჭირვებას, უმუშევრობის და სოციალური პრობლემების მარწუხებს, ჯერ ჩვენი სახელმწიფო ვერ ახერხებს თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის სათანადოდ უზრუნველყოფას, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ გარანტირებულად ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო ურყევი დემოკრატიული ინსტიტუტები და შევქმნათ ცივილიზებული, ევროპული ტრადიცია“.

მისი თქმით, ვერასდროს ორგანიზებული დანაშაული და "კანონიერი ქურდების“ მენტალიტეტი ვეღარ დაბრუნდება, "რამდენიც არ უნდა გვებრძოლოს კრიმინალების რეციდივებმა" და "პოლიტიკოსებად ქცეულმა ყოფილმა კანონიერმა ქურდებმა და მათთან შეკრულმა ელემენტებმა“.

სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე ღამით სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ შედგა. თავდაპირველად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები მისი მსვლელობისას აღარ გამართულა.

აღლუმში მონაწილეობა მიიღეს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებმა, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკამ, საარტილერიო სისტემებმა და საფრენმა აპარატებმა. ტექნიკის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოში წარმოებულმა ახალმა ჯავშანტრასპორტიორმა სახელწოდებით "დიდგორი“.

Back to top button