ბურჯანაძემ აქციის დაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
სახალხო კრების ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აქციის დაშლისას სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები მოაქცია "ალყაში“ და მშვიდობიანად გასვლის საშუალება არ მისცა, რაც "არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ადამიანობის წინააღმდეგ“.
“თუ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ამის შემდეგ აღლუმი ჩაიბაროს, როცა ყველა მხრიდან გზა გადაუკეტა მომიტინგეებს დამოუკიდებლობის დღეს და არ მისცა საშუალება გასულიყვნენ მშვიდობიანად?“ – განაცხადა მან „მაესტროს“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას, "ისინი წამოვიდნენ ადამიანების დახოცვაზე“.
“ის, რაც გააკეთა დღეს ქართულმა სპეცრაზმმა და მიხეილ სააკაშვილმა არ გაუკეთებია გენერალ როდიონოვს და საბჭოთა კავშირის სპეც–რაზმს. იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის სპეცრაზმი, რომ შემოვიდა 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ისინი შემოვიდნენ ერთი მხრიდან და ხალხს გასასვლელი დაუტოვეს,“– განაცხადა მან.
“ერთი შემიძლია გითხრათ ამით ეს ბრძოლა ნამდვილად არ დამთავრდება ამით. ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო,“– განაცხადა მან.
ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება "დარბევას ვერ გაბედავდა“ დღევანდელ აქციას სხვა ოპოზიციური პარტიებიც რომ შეერთებოდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)