skip to content
ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის პლენარული სხდომა სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 14 ივნისს განიხილავს, თუმცა მმართველ პარტიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა ფორმით მოახდენს მასზე რეაგირებას.

სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის 519–გვერდიანი ანგარიში, რომელიც პარლამენტში მარტის ბოლოს შევიდა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დღეს განიხილა მას შემდეგ, რაც მასში ასახული ფაქტების შესწავლას თითქმის ორი თვე მოანდომა. 

გიორგი ტუღუშმა ერთსაათიან გამოსვლაში ანგარიშიში ასახული ძირითადი პრობლემები მიმოიხილა, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ ვითარებასთან და დევნილთა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, "არის საკმაოდ პრობლემური და მძიმე“.

“ეს ეხება სერიოზულ პრობლემებს ჯანდაცვის მომსახურებასთან დაკავშირებით და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს სასაჯელაღსრულების სისტემაში და არის ასევე სერიოზული პრობლემები იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ, რომლებსაც უწევთ საკმაოდ გაუსაძლის პირობებში ცხოვრება,“– განაცხადა მან.
 
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტიის, ქრისტიან–დემოკრატების დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ ისინი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და ასევე მოითხოვენ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენებას სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, რათა მოხდეს რეაგირება „დაუსჯელობის სინდრომის“ წინააღმდეგ. 

მმართველი პარტიის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა "ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი“ უწოდა სახალხო დამცველის ანგარიშს, თუმცა გამორიცხა  რომელიმე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესაძლებლობა. 

მან ასევე განაცხადა, რომ ანგარიშში ასახულ ფაქტებზე მმართველი პარტია სერიოზული რეაგირებას მოახდენს, თუმცა არ დააკონკრეტა ეს იქნება სპეციალური დადგენილების სახით თუ როგორც ბოლო წლებში ტრადიციულად ხდებოდა, პარლამენტი ცნობად მიიღებს ობუდსმენის ანგარიშს.

ქრისტიან–დემოკრატებმა განაცხადეს, რომ მათ შეიმუშავეს დადგენილების პროექტი, რომელიც ავალებს მთავარ პროკურატურას შეისწავლოს და გამოიძიოს ანგარიშში მოყვანილი დარღვევის ყველა ფაქტი და შედეგების შესახებ  მოახსენოს პარლამენტს. ახვლედიანმა კოლეგებს მმართველი პარტიიდან ამ პროექტის ირგვლივ „პოლიტიკური შეთანხმებისკენ“ მოუწოდა.

თუმცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას განცხადებით, ოპოზიცია ომბუდსმენის ანგარიშიც "პოლიტიზირებას“ ცდილობს მაშინ, როდესაც "ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ვმუშაობთ ეფექტურად ამ პრობლემებზე რეაგირების კუთხით“.

სახალხო დამცევლმა განაცხადა, რომ მისთვის მთავარია, რომ ანგარიშშიც ასახული რეკომენდაციები შესრულდეს, იქნება ეს პარლამენტის მხრიდან დადგენილების თუ ცნობად მიღების გზით, თუმცა იქვე დასძინა, რომ სტატისტიკურად, როგორც წესი, ამ რეკომენდაციების მხოლოდ 30% სრულდება.

“პირველი, რაც პარლამენტს შეუძლია უშუალოდ გააკეთოს, ეს არის ცვლილებები შეიტანოს იმ საკანონმდებლო ნორმებში, რომლებსაც სადაოდ ხდის სახალხო დამცველი თავის ანგარიშში,“– განაცხადა ტუღუშმა, „პარლამენტს, როგორც  აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელ ორგანოს, რა თქმა უნდა, ასევე შეუძლია ქმედითად იმუშაოს იმ კუთხით, რომ მოთხოვონ აღმასრულებელ ხელისუფლებას პასუხი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო“.

"ჩემი ანგარიში პარლამენტს ეგზავნება სწორედ იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება,“– აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button