მედვედევმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
რუსეთს სურს, რომ საქართველო „აყვავებული და თავისუფალი სახელმწიფო იყოს,“ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მისალოც გზავნილში, რომელშიც "ქართველი ხალხის" ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 66–ე წლისთავი მიულოცა.
"რუსეთი ქართველ ხალხთან კეთილმეზობლობის და მეგობრობის საუკუნოვანი ტრადიციების ერთგული ყოველთვის იყო და კვლავ დარჩება. გვინდა, რომ საქართველო ვიხილოთ როგორც აყვავებული და თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც მშვიდობიანად იცხოვრებს თავის მეზობლებთან,“ – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის გზავნილში, რომელიც მის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამ გზავნილს "კლოუნადა“ უწოდა.
”რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა არა მგონია ქართველმა ხალხმა მიიღო, ან რომელიმე ქართველმა მიიღო ეს მილოცვა; კლოუნადას შეზღუდვა არ აქვს, რა ფორმითაც გინდა იმ ფორმით შეგიძლია იყო კლოუნი,” – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს 8 მაისს.
მან ეს განცხადება ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობის შემდეგ გააკეთა. ცერემონიაში საქართველოში აკრედიტებული უცხოული დიპლომატებიც მონაწილეობდნენ.
”ჩვენი სამინისტრო [ამ დღეს] ტრადიციულად აღნიშნავს 8 მაისს და საერთოდ, სიმართლე გითხრათ, მე მომხრე ვარ, რომ ჩვენ ეს დღესასწაული გადავიტანოთ 8 მაისს, როდესაც მთელი კაცობრიობა აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დრეს და რატომღაც რუსები, როგორც ყოველთვის, სეპარატისტულად 9 მაისს აღნიშნავენ ყოვლად გაუგებარი მიზეზების გამო,” – განაცხადა ვაშაძემ.
"მინდა, სხვა ხალხებთან ერთად, რუს ხალხს მივულოცო ეს გამარჯვების დღე და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, მაშინ როდესაც რუსეთში იქნება ნორმალური ხელისუფლება – რუსები რომ ეძახიან вменяемая власть – მაშინ როდესაც ეს იქნება დემოკრატიული და ნორმალური ქვეყანა, ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამას [ფაშიზმზე გამარჯვების დღეს] ერთად,” – განაცხადა ვაშაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ცალკე მილოცვები გაუგზავნა დსთ–ს ქვეყნებს, მათი ლიდერების სახელზე. ანალოგიური გზავნილები მედვედევმა სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებსაც გაუგზავნა, რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის შემდეგ ცნო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)