skip to content
ახალი ამბები

Global CST–ის აფხაზეთში უსაფრთხოების დარგში საქმიანობის დასაწყებად ნებართვა არ უთხოვია

ისრაელში არსებულ, უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიას Global CST–oს, რომლის ხელმძღვანელობაც სოხუმს აპრილში სტუმრობდა, ისრაელის ხელისუფლებისთვის ამ რეგიონში უსაფრთხოების დარგში არანაირი სახის საქმიანობის დაწყებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად არ მიუმართავს, განაცხადა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წყარომ 1 მაისს.

კომპანიას თავდაცვის სამინისტროსთვის ამგვარი თხოვნით არ მიუმართავს და მიმართვის შემთხვევაშიც კი "არ მგონია, რომ ამგვარი ნებართვა გაიცეს“, განუცხადა წყარომ Civil.ge–ს ანონიმურობის დაცვის პირობით.

Global CST–ის დამფუძნებელი და მფლობელი, ისრაელ ზივი, რომელსაც თან ახლდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მეირ კლიფი, სოხუმში 14 აპრილს სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელობას შეხვდა. ზივი, გადამდგარი გენერალ–მაიორი და ისრაელის გენერალურ შტაბში ოპერაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელია, ხოლო კლიფი 2009 წლამდე ისრაელის პრემიერ–მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სამხედრო მრჩეველი იყო.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებული ვიზიტი იყო, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებთან კავშირი არ ქონია,“ – განაცხადა წყარომ, თუმცა მან არ ისურვა დაეკონკრეტებინა იყო თუ არა ისრაელის ხელისუფლება წინასწარ ინფორმირებული, რომ ამგვარი ვიზიტი იგეგმებოდა.

Global CST–ი ქართული ჯარის მომზადებაშიც მონაწილეობდა, თუმცა კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე შეწყვიტა.

უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში სტრატეგიის შემუშავების, კონსულტირების, შეიარაღებული და საპოლიციო ძალების მომზადების გარდა, Global CST–ს სამოქალაქო სფეროშიც მოღვაწეობს და კლიენტებს სხვადასხვა დარგებში, მათ შორის სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში სტრატეგიის შემუშავებას სთავაზობს.

ისრაელის კანონმდებლობით, კომპანიებს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ნებართვა სჭირდებათ იარაღის და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურეობის ექსპორტისთვის. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება "ძალიან მკაცრად უდგება“ ამ კანონის შესრულებას, რომელიც, მისი თქმით, კიდევ "უფრო გამკაცრდა“ 2008 წლის შემდეგ. თუმცა, თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერვისების ექსპორტის გაკონტროლებაზე და მისი ეს უფლებამოსილება კომპანიების არასამხედრო საქმიანობაზე არ ვრცელდება, განაცხადა წყარომ.

Global CST–ის წარმომადგენლების სოხუმში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში ისრაელის ელჩი უწყებაში დაიბარა და ეს საკითხი "ძალიან დეტალურად“ განიხილა. აპრილში იცხაკ გერბერგმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს აფხაზეთთან სამხედრო თანამშრომლობას და რეგიონისთვის იარაღის მიწოდებას.

This post is also available in: English Русский

Back to top button