
აშშ რუსეთის ოფიციალური პირების ცხინვალში და სოხუმში ვიზიტების შესახებ
რუსეთის ძალისხმევა "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ‘დე ფაქტო’ ხელისუფლებებთან ოფიციალურ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებებს“ მიაღწიოს, მათი ოფიციალური პირების "ამ სეპარატისტულ რეგიონებში ვიზიტების დროს, შეუსაბამოა“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 30 აპრილს.
განცხადება პრესისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთდა, რომელიც 25–26 აპრილს ცხინვალს და სოხუმს სტუმრობდა; თუმცა, განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და დაკონკრეტების გარეშეა მითითება "რუსეთის ოფიციალურ პირებზე“.
"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთგული რჩება. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ კონფლიქტის ყველა მხარეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულონ,“ – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)