პარლამენტს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილების საჯარო განხილვას სთხოვენ
დაახლოებით ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დეპუტატებს ‘საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ’ საქმეზე ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვის მიზნით საპარლამენტო მოსმენის გამართვა სთხოვა.
ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (International Court of Justice – ICJ) გაიზიარა რუსეთის ერთ-ერთი შუამდგომლობა და გადაწყვიტა 1 აპრილს, რომ სასამართლო არ დაიწყებს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას. 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში საქართველო აცხადებდა, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.
პარლამენტისთვის 27 აპრილს გაგზავნილ მიმართვაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი აცხადებს, რომ საჯარო მოსმენები შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას უკეთესად გაიგოს და შეაფასოს საქმის შედეგები. მიმართვის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ აღმასრულებელი ხელისუფლების იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სარჩელის შედგენასა და საქართველოს ინტერესების დაცვას ჰააგის სასამართლოში.
მიმართვას სხვა ორგანიზაციებთან ერთად ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი; საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის; კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; რუსეთის კვლევების ინსტიტუტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)