skip to content
ახალი ამბები

ქართულ–რუსული მოლაპარაკებები ვმო–ზე მომავალ კვირას გაიმართება

საქართველოს და რუსეთის დელეგაციები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს 28–29 აპრილს, ბერნში გამართავენ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ბრიფინგზე.

“გაწევრიანების საკითხი არ წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხს,“– განაცხადა მან, "უპირველეს ყოვლისა, ჩვენს დაინტერესებაშია, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებულად წარიმართოს და რუსეთმა შეძლოს გაწევრიანება, თუმცა იცით თქვენ, რომ ჩვენ რამოდენიმე მოთხოვნა გვაქვს, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს სავაჭრო ორგანიზაციის წესდებიდან და არავითარ შემთხვევაში არ ატარებს ეს რაიმე სახით პოლიტიკურ ხასიათს“. 

თბილისში აცხადებენ, რომ ვმო–ში რუსეთის გაწევრიანებაზე პოზიცია უცვლელი რჩება და ის სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საბაჟო–გამშვები პუნქტების "გამჭირვალობის" უზრუნველყოფაში მდგომარეობს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მხარეებს შორის პირველი შეხვედრა ვმო–ს თემაზე შვეიცარიის შუამავლობით 10 მარტს გაიმართა. შვეიცარია დიპლომატიურ შუამავლობას ეწევა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button