ახალი ამბები

აფხაზი დეპუტატი მოსკოვთან ”სასაზღვრო” უთანხმოებაზე საუბრობს

აფხაზური ტელევიზიის "აბაზას" კადრი, რომელზეც მდინარე ფსოუზე არსებული სასაზღვრო–გამშვები პუნქტი ჩანს.  

სასაზღვრო საკითხებზე სეპარატისტული აფხაზეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა კატეგორიულად უარყო, რომ სოხუმი დაეთანხმა მოსკოვის პოზიციას თითქოს სადავო სოფელი რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა.

15 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის წევრმა ვალერი კვარჩიამ დაადასტურა გასულ თვეში აფხაზურ პრესაში გაჟონილი ინფორმაცია, რომ თავიდან მოსკოვს აფხაზური მიწის 160 კვადრატულ კილომეტრზე ჰქონდა პრეტენზია. კვარჩია "აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციის და დემარკაციის აფხაზეთის კომისიის თავმჯდომარეა. 

რუსული გაზეთი "კომერსანტი“ იტყობინებოდა 14 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ მარტის ბოლოს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს აფხაზურმა მხარემ გაიზიარა რუსული მხარის არგუმენტები და დაეთანხმა, რომ სადავო სოფელი აიბგა, რომელსაც მდინარე ფსოუ ყოფს, რუსეთის ნაწილია.

პატარა მთიანი სოფელი აიბგა აფხაზეთის საზღვრის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი არც თუ ისე შორსაა კრასნია პოლიანადან, რუსეთის სათხილამურო კურორტიდან, რომელმაც სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ შეჯიბრებებს უნდა უმასპინძლოს.

"აფხაზებმა აღიარეს, რომ აიბგა რუსული სოფელია და სხვათა შორის, აფხაზეთიდან ის გაუვალი მთის მასივებითაა გამოყოფილი. ასე რომ, იქ მოხვედრა მხოლოდ კრასნოდარის მხარიდან არის შესაძლებელი,“ – წერს "კომერსანტი“ რუსეთის საგარეო უწყების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. 

იმავე წყარომ განაცხადა, რომ ამჟამად დავა გრძელდება ამ ტერიტორიის 5–6 კილომეტრზე, სადაც სოფლის მომიჯნავე სასოფლო–სამეურნეო მიწები მდებარეობს. მისივე თქმით, ზაფხულში იქ სპეციალური ექსპედიცია გაემგზავრება და დაადგენს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. "სოფელი რუსული იქნება – ეს ფაქტია,“ – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.  

თუმცა, ვალერი კვარჩიას მტკიცებით, "განცხადება, რომ აფხაზურმა მხარემ აღიარა, რომ აიბგა რუსული სოფელია, სიმართლეს არ შეესაბამება“. მისი თქმით, საკითხი კვლავ ღია რჩება და "სასაზღვრო საკითხებზე“ მომუშავე ერთობლივ კომისიაში ამ მონაკვეთზე შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება.

თავის განცხადებაში ვალერი კვარჩია ცდილობს თავი აარიდოს რუსული მხარის პირდაპირ კრიტიკას და სანაცვლოდ "კომერსანტის“ სტატიას აკრიტიკებს, რომელსაც "პროვოკაციულს“ და "დეზინფორმაციულს“ უწოდებს.

თავის განცხადებაში კვარჩია ცალკე მიმოიხილავს სტატიის იმ ნაწილს, რომელიც ბოლო პერიოდის სასაზღვრო დავის წარმოშობას აღწერს. იგი აფხაზურ პრესაში გაჟონილ ინფორმაციას იხსენებს, რომლის მიხედვითაც რუსეთს თავდაპირველად არა მხოლოდ ერთ სოფელზე ჰქონდა პრეტენზია, არამედ გაგრის რაიონის 160 კვადრატულ კილომეტრზე. "კომერსანტის“ თანახმად, ეს ცნობები მოსკოვმა უარყო და მას "ვარაუდები“ და "გამოგონილი ისტორია“ უწოდა.

"როგორც ჩანს, მოვიდა დრო, განვაცხადოთ, რომ მედიის ინფორმაცია აფხაზური ტერიტორიის 160 კვადრატულ კილომეტრზე გამოცხადებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით არ ყოფილა "ვარაუდები“ და "გამოგონილი ისტორია“, – განაცხადა კვარჩიამ და დასძინა, რომ ეს პრეტენზიები რუსული მხარის მიერ თავდაპირველ შემოთავაზებაში ფიგურირებდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ინფორმაცია ტერიტორიულ დავასთან დაკავშირებით საჯაროდ დაადასტურა.

კვარჩიამ განაცხადა, რომ მოსკოვში, მარტის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე გამართული დისკუსიების დროს შემოთავაზებული პროექტი დღის წესრიგიდან მოიხსნა და აღარ განიხილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button