ახალი ამბები

ეროვნული ფორუმი, ტრადიციონალისტები და ქალთა პარტია გაერთიანდნენ

ოპოზიციური ეროვნული ფორუმი, ტრადიციონალისტთა კავშირი და ქალთა პარტია გაერთიანდნენ ერთ ბლოკში, რომლის სახელწოდებაც იქნება "ეროვნული ფორუმი".

ეს გადაწყვეტილება ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ, ტრადიციონალისტების ხელმძღვანელმა აკაკი ასათიანმა და ქალთა პარტიის თავმჯდომარემ გუგული მაღრაძემ 22 მარტს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს.  ახალი ბლოკის ერთ–ერთი მიმართულება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა იქნება.  

გუგული მაღრაძის განცხადებით, ახალი გაერთიანება აპირებს მკაცრად ორგანიზებული სტრუქტურის შექმნას, რომელიც "დაგეგმავს სტრატეგიას, რომ ამ მძიმე ვითარებიდან ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს“.

ტრადიციონალისტთა კავშირსა და ქალთა პარტიას პოლიტიკური პარტნიორობის სამწლიანი გამოცდილება აქვთ. ისინი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაერთიანდნენ და ერთიანი სიით მიიღეს მასში მონაწილეობა. 2009 წლის გაზაფხულზე კი მათ კიდევ ორ პარტიასთან ერთად "ალიანსი თავისუფლებისთვის“ ჩამოაყალიბეს, რომელიც მალევე დაიშალა.

 

Back to top button