ახალი ამბები

ვაშაძე შვეიცარიას ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე  7 მარტს, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში ფედერალურ პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიშელინ კალმი-რეის შეხვდა.
  
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაცია, ასევე ისაუბრეს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების საკითხზე.
 
ვაშაძის ვიზიტი წინ უსწრებდა ვმო–ზე საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე კვირაში ბერნში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

შვეიცარია რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

1 მარტს შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და მიშელინ კალმი–რეის შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, "ტრადიციულად მაღალი შეფასება“ მიეცა ბერნის დიპლომატიურ შუამავლობას, "პირველ რიგში საკონსულო და ჰუმანიტარულ საკითხებში“.

მსგავსი/Related

Back to top button