
შენიშვნები უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის მიმართ
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პროექტის მიმართ რიგი შენიშვნები გამოითქვა 18 თებერვალს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელშიც მმართველი პარტიის დეპუტატებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ასევე ოპოზიციონერ დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. განხილვას არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ მრეწველები დაესწრნენ.
მართალია მთლიანობაში დოკუმენტის პროექტი შეაფასეს, როგორც "კარგი პროდუქტი“, მაგრამ საპარლამენტო უმცირესობის წამყვანმა პარტიამ ქრისტიან–დემოკრატებმა ასევე განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ის, რომ პროექტში 2008 წლის აგვისტოს ომის მიზნად რუსეთის მიერ საქართველოს მთავრობის შეცვლაა დასახელებული.
ქრისტიან–დემოკრატი დეპუტატის ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, ამით "ვაკნინებთ“ და "ზედაპირულს ვხდით რუსეთის სერიოზული ბოროტ განზრახვას“, რაც მდგომარეობდა საქართველოს პროდასავლური კურსიდან ისევ მის ორბიტაში დაბრუნებაში.
პასუხად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პროდასავლური მთავრობის შეცვლა – ე.წ. Regime Change – "გაცხადებული საფრთხეა“, რისი დეკლარირებაც რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მოახდინა.
ქრისტიან–დემოკრატებმა ასევე მოითხოვეს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული წვლილის ასახვა და იქვე ტრადიციული კონფესიების როლის ხაზგასმაც. პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ოფიციალურ დოკუმენტში, მისი თქმით, სამართლებრივად გაუმართავი ტერმინის "მრავალეთნიკური ქართველი ერის“ გამოყენება, რასაც თავის ლექსიკაში ხშირად იყენებს პრეზიდენტი სააკაშვილი. ამის ნაცვლად თარგამაძემ "მრავალეთნიკური ქართველი ხალხის“ გამოყენება შესთავაზა.
თარგამაძის თქმით, დოკუმენტში მედიის როლის განმტკიცებაზე მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი და ასევე გასაძლიერებელია დემოკრატიული სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის კომპონენტი. „ოპოზიციის ერთი ნაწილი დღესაც რევოლუციაზე ოცნებობს. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება,“– განაცხადა მან.
დეპუტატმა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან, გურამ ჩახვაძემ მოუწოდა, რომ დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკებზე, ასევე მიეთითოს რუსეთის მხრიდან არსებულ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ რისკებზეც. ამ უკანასკნელში დეპუტატი სეპარატისტულ რეგიონებში ჩამოსახლებების გზით დემოგრაფიული სურათის შეცვლის საფრთხეს გულისხმობდა.
ვიცე–სპიკერმა პარტიიდან ჩვენ თვითონ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ დოკუმენტში ცალკე უნდა გამოიყოს საზღვრების უსაფრთხოების საკითხი, რადგან მისი თქმით, "მცოცავ ანექსიას“, რასაც რუსეთი ახორციელებს, პასუხი უნდა გაეცეს.
არასაპარლამენტო პარტიებიდან კონცეფციის განხილვაში მონაწილეობის სურვილი რესპუბლიკელებმა და ახალმა მემარჯვენეებმა გამოთქვეს, თუმცა მათ წარმომადგენლებს საპარლამენტო მოსმენებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია წერილობით წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებებს. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ დოკუმენტში სათანადოდ არ არის ასახული ქვეყანაში დემოკრატიული მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების თემა.
“კონცეფციაში უნდა აისახოს, რომ საჭიროა შეიქმნას არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი, რომელიც დამკვიდრდება გრძელვადიან პრაქტიკად,“– განაცხადა უსუფაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ერთ–ერთ მძიმე გამოწვევად რჩება სასამართლოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და პოლიციური და უშიშროების სტრუქტურების გამიჯვნის საჭიროება, რაც, მისი თქმით, სათანადოდ უნდა აისახოს დოკუმენტში.
ახალმა მემარჯვენეებმა ხელისუფლებისათვის გაგზავნილ თავიანთ მოსაზრებებში ძირითადი აქცენტი ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების, მათ შორის უმუშევრობის, ინფლაციის, ქვეყანაში არსებული მონოპოლიების და არაკონკურენტული გარემოს, "სახელისუფლებო წნეხის ქვეშ მყოფი ბიზნესის“ საპასუხოდ მიმართული კონკრეტული ქმედებების კონცეფციაში ასახვისკენ მოუწოდეს.
„ამ გამოწვევების რეალისტური დანახვა მისცემს საშუალებას ხელისუფლებას უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს და თავიდან ააცილოს მას ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება და ამით განპირობებული სოციალური აფეთქება და ქვეყნის დესტაბილიზაცია,“– განაცხადეს "მემარჯვენეებმა“, "ამავე დროს, მხოლოდ ძლიერი და ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის პირობებში შეიძლება ქვეყანაში არსებული კრიზისების დემოკრატიული მექანიზმებით განმუხტვა“.
საპარლამენტო მოსმენის დროს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ შენიშვნებზე მსჯელობა შემდგომი განხილვების პროცესში გაგრძელდება.