
აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი “ცილისწამების“ გამო დააპატიმრეს
აფხაზეთის ოპოზიციური "სახალხო პარტიის“ ლიდერი იაკუბ ლაკობა 21 იანვარს საღამოს სოხუმში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ის რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელის სერგეი სტეპაშინის წინააღმდეგ ცილისწამებაში დაადანაშაულა, იტყობინებიან აფხაზური და რუსული საინფორმაციო საშუალებები.
პარტიის ვებ–გვერდზე 15 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ლაკობა სტეპაშინს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ეს უკანასკნელი შეეცადა აფხაზეთში იმ ფინანსური დარღვევების მიჩუმათებას, რომლებიც მოსკოვის მიერ აფხაზეთისთვის 2009–2010 წლებში გამოყოფილი ფინანსური დახმარების შემოწმების შედეგად გამოვლინდა.
12 იანვარს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას სტეპაშინმა განაცხადა, რომ ფინანსური დარღვევები ძირითადად არასწორი მართველობის, ფინანსური დისციპლინის ნაკლებობის და სუსტი საბიუჯეტო პროცედურების შედეგია.
მიუხედავად ზოგიერთი დარღვევებისა, განაცხადა მან, „აფხაზეთში ვერ მოიძებნენ თაღლითები რუსული ფინანსური დახმარების გამოყენების საქმეში.“
რუსეთის კონტროლის პალატამ ფინანსური აუდიტის დასვნა 20 იანვარს გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც 2009–2010 წლებში სეპარატისტული აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ფარგლებში 346,8 მლნ რუბლის (დაახლოებით 11.5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით დარღვევა გამოვლინდა. მთლიანობაში 2009–2010 წლებში სოხუმმა 7.295 მლრდ რუბლის (დაახლოებით 244 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით რუსული საბიუჯეტო დახმარება მიიღო, რუსეთის კონტროლის პალატის თანახმად.
სტატიაში აფხაზეთის სახალხო პარტიის ლიდერი წერს, რომ ის მიზეზები, რომელთაც სტეპაშინი დარღვევების მოტივად ასახელებს, არის მცდელობა "შეამსუბუქოს“ აფხაზეთის ხელისუფლების "კორუმპირებული“ წარმომადგენლების და მათთან დაახლოებული პირების ფინანსური სამართალდარღვევები; მან სტეპაშინის განცხადებებს "ბოდვა“ უწოდა. მან ისიც კი ივარაუდა, რომ სტეპაშინი შესაძლოა პირადად იყოს დაინტერესებული ამ დარღვევების დაფარვაში.
ლაკობამ ასევე განაცხადა, რომ სტეპაშინი ადვოკატის მომსახურებას უწევს აფხაზეთის ხელისუფლებას. „ფასიანია თუ არა ეს მომსახურება – ეს სხვა საკითხია,“ – წერს იგი სტატიაში.
მან ასევე გააკრიტიკა სტეპაშინი აფხაზური ოპოზიციის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. კერძოდ, სტეპაშინმა ოპოზიცია გააკრიტიკა, რადგანაც მათ "ხმაური ატეხეს“ აფხაზეთის მთავრობის განზრახვაზე რამოდენიმე კურორტის რუსეთის მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებით. აფხაზური წყაროები იტყობინებოდნენ სტეპაშინი სიტყვებზე დაყრდნობით, როდესაც ის ოპოზიციაზე საუბრობდა: "სხვა მეგობრები მოვლენ აქ სხვა მეზობელი ქვეყნიდან და ისინი შექნიან ოპოზიციას, რომელიც ტკბილად არ მოგეჩვენებათ“.
ეს განცხადება ლაკობამ შეაფასა, როგორც "პოლიტიკური შანტაჟი,“ რაც იმის მანიშნებელია, რომ აფხაზეთი
"კვლავ რჩება გეოპოლიტიკური თამაშების ობიექტად“.
სტეპაშინის განცხადებები კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა, აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გააკრიტიკა. მან სტეპაშინის განცხადება აფხაზური ოპოზიციის შესახებ შეაფასა, როგორც "შანტაჟი მუქარის ელემენტებით“.
იაკუბ ლაკობას სტატიამ, რომელიც რუსეთის კონტროლის პალატის მიერ ფინანსური აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებამდე ხუთი დღით ადრე დაიბეჭდა, აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. სახელისუფლებო პარტიის "ერთიანი აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სტატია აფხაზეთ–რუსეთის მეგობრული ურთიერთობების წინააღმდეგ იყო მიმართული. ლაკობას სტატია აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირმა "ამცახარამაც“ დაგმო.
20 იანვარს რუსეთის კონტროლის პალატის წარმომადგენელმა სერგეი რიაბუხინმა განაცხადა, რომ აფხაზეთში გარკვეული ძალები ფინანსური შემოწმების შედეგების თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.
“დაუშვებლად მივიჩნევ რუსეთის კონტროლის პალატის ჩათრევას პოლიტიკურ თამაშებში, რომლებიც აბსოლუტურად დესტრუქციულ ხასიათს ატარებს,“– იტყობინებოდა "ინტერფაქსი“ რიაბუხინის სიტყვებზე დაყრდნობით.
ლაკობას დაპატიმრების შემდეგ, მისმა პარტიამ მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნაცვლად იმისა, რომ სისხლის სამათლის საქმე აღძრულიყო აფხაზეთის ხელისუფლების "კორუმპირებული“ წარმომადგენლების წინააღმდეგ რუსეთის კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე, ხელისუფლებამ საქმე აღძრა ოპოზიციური პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსური აუდიტის შედეგებზე "ობიექტურ კომენტარს“ აკეთებდა.
იაკუბ ლაკობა აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის ერთადერთი კონკურენტი იყო 2005 წლის იანვრის განმეორებითი არჩევნების დროს, რომელიც ბაღაფშის მნიშვნელოვანი გამარჯვებით დასრულდა. ლაკობამ ხმების 5%–ზე ნაკლები მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)