ახალი ამბები

სააკაშვილის საახალწლო მიმართვა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა მოსახლეობისადმი თავის საახალწლო მიმართვაში, რომ 2010 წელი ნამდვილად იყო "შემობრუნების წელიწადი“ ბევრი მიმართულებით. მან საქართველოს მოქალაქეებს უსურვა "გავაგრძელოთ წინსვლა გამარჯვებული საქართველოსკენ“.

სააკაშვილის თქმით, მიუხედავად ინფლაციის და უმუშევრობის მაღალი დონისა, 2010 წელს "განახლდა ეკონომიკის ზრდა, ფულის ჩადება საქართველოს ეკონომიკაში“.

"ეს ტენდენცია 2011 წელსაც დიდი ტემპით გაგრძელდება,“ – განაცხადა მან თავის სატელევიზიო გამოსვლაში.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2010 წელს "სერიოზული შემობრუნება მოხდა ქართულ პოლიტიკაში“, რადგანაც "პოლიტიკამ ქუჩიდან საპარლამენტო დარბაზსა და ტელესტუდიებში გადაინაცვლა და უფრო ცივილური გახდა“.

მისი თქმით, "პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა ღიად დაიწყო იმის კეთება, რასაც  ადრე ფარულად აკეთებდა და ესეც ძალზე სასარგებლოა, რადგან საბოლოოდ, ხალხმა რეალობა დაინახა და რაც ამ წლების განმავლობაში ფარულად ხდებოდა, ყველაფერი გაცხადდა. ესეც ძალიან ჯანსაღი პროცესია ქართული პოლიტიკისთვის“.

"სერიოზული შემობრუნება მოხდა საგარეო პოლიტიკაში. თუ 2009 წელს კიდევ არსებობდა კითხვის ნიშნები, დღეს ტერმინი "ოკუპაცია" საბოლოოდ დამკვიდრდა საერთაშორისო არენაზე, რაც, რა თქმა უნდა, ისტორიული კანონზომიერებიდან გამომდინარე, საქართველოს მომავალი დეოკუპაციის და გამთლიანების მყარი საფუძველია. ჩვენი მტრის წარმოუდგენელი მცდელობა – იზოლაციაში მოექცია საქართველო –  აბსოლუტური კრახით დამთავრდა და ჩვენ, თამამად შეიძლება ითქვას, დიდი ზემოქმედების მიუხედავად, არასდროს არ გვქონია ისეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა, როგორიც 2010 წელს გამოვლინდა. ეს პროცესი მომავალ წლებში კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და გავზარდოთ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები "ძალიან მნიშვნელოვანი“ იყო, რომელიც "მთელმა მსოფლიომ აღიარა, როგორც დემოკრატიაში წინგადადგმული ნაბიჯი“ და "ჩვენმა ხალხმა გამოხატა მხარდაჭერა ვარდების რევოლუციისა და იმ კურსისადმი, რომელიც 2003 წელს მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ აირჩია“.

სააკაშვილის თქმით, 2010 წელმა "ბევრი საამაყო წუთი გვაჩუქა“ .

"ჩვენ ვუყურებდით ქართველი საოპერო მომღერლების ენით აღუწერელ წარმატებას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. მოულედნელი სასიამოვნო სიურპრიზი მივიღეთ ჩვენი ფეხბურთელებისგან თავიანთი წაუგებელი სერიით. უკვე ტრადიციულად გაგვიმართლეს იმედები ჩვენმა მორაგბეებმა, ხოლო კალათბურთელებმა ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლით. ქართველი მწერლის ზურა ლეჟავას მოთხრობა შეიტანეს ევროპის წლის საუკეთესო ნაწარმოების კრებულში. თბილისმა კი ყველა კონკურენტი ქალაქი დაამარცხა და ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობა მოიპოვა,“ – განაცხადა მან.

"საქართველომ შეძლო, რომ ოკუპაციისა და ნგრევისთვის ეპასუხა შენებითა და განვითარებით. ეს ყველა ერს არ შეუძლია,“ – აღნიშნა მან.

სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მნიშვნელობას, კერძოდ კი მესტიაში სათხილამურო კურორტისა და ანაკლიის საზღვაო კურორტის განვითარების პროექტებს. 

"2010 წელს დაწყებული შემობრუნება დამდეგ 2011 წელს უფრო დიდ წარმატებად უნდა ვაქციოთ. მომავალ წელს ჩვენ ეკონომიკის 6%–იან ზრდას ვვარაუდობთ, რაც ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო უკეთეს ბიზნესგარემოს, უფრო მეტ შენებას და მეტ დასაქმებულ ადამიანს. რაც მთავარია, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციის გზის გაგრძელებას, გზისა, რომელიც მიგვიყვანს ცივილიზებულ, განვითარებულ სამყარომდე და გვაქცევს მის სრულფასოვან წევრებად,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button