ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ხელი შეუწყოს რუს და ქართველ ხალხებს შორის კონტაქტებს, თუმცა რაც შეეხება სახელმწიფოებს შორის კონტაქტებს, მისი თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი აირჩევს ახალ ლიდერებს, რომელთაც ეცოდინებათ როგორ ააგონ ურთიერთობები მეზობლებთან.
"ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან, მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ბრძანება გასცა. და მას შემდეგ, რაც ეს შეტევა მოგერიებული და შეჩერებული იქნა, ჩვენ არ შეგვითავაზებია დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა, ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა,“ – განაცხადა ლავროვმა 30 დეკემბერს რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან "როსია–24“–სთან ინტერვიუში.
"მაგრამ ჩვენ პრაგმატულები ვართ და გვესმის, რომ ქართველი ხალხი – მეგობრული ხალხია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას ასეთივე დამოკიდებულება აქვს რუს ხალხთან და ჩვენ მზად ვართ კონტაქტებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს ხალხს რაიმე შვება იგრძნონ – ეს ეხება პირდაპირ ავიამიმოსვლას, ასევე ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გახსნას, რომელიც რემონტის შემდეგ ამუშავდა. და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიწყო ამ თემის პოლიტიზირება. ეს ასევე ეხება ბევრ სხვა რამეს, პირველ რიგში, ჰუმანიტარულ კავშირებს,“ – განაცხადა მან.
"ჩვენ გვინდა და მზად ვართ ისე მოვიქცეთ, რომ მოიხსნას ბარიერები, რომელიც ხელს უშლის ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობას. თუ იქნება ასეთი ურთიერთობა, მე ვფიქრობ, რომ იქნება შედეგიც,“ – განაცხადა ლავროვმა.
"რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, რუსეთის ფედერაციის შეფასებები ნათელია; ვიმედოვნებთ, რომ დადგება ის დღე, როდესაც ქართველი ხალხი ისეთ ლიდერებს აირჩევს, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებზე იზრუნებენ, ნაცვლად გეოპოლოტიკური თამაშებისა, და ლიდერს, რომელიც იზრუნებს მეზობლებთან ურთიერთობებზე, რომელიც შეძლებს მეზობლებთან ურთიერთობების აწყობას ორმხრივი პატივისცემის და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე და ყველა იმ ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობენ,“ – განაცხადა ლავროვმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)