ახალი ამბები

თბილისი ახალგორში რუსულ სამხედრო წვრთნებს აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 29 დეკემბერს, რომ ახალგორის რაიონში ჩატარებული რუსული სამხედრო წვრთნები კიდევ ერთი პროვოკაციაა. 

საგარეო უწყების განცხადებით, 26 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო კოლონა 40 ერთეული ჯავშანტექნიკის შემადგენლობით ცხინვალიდან შევიდა ახალგორში. მეორე დღეს 8 ერთეული ჯავშანტექნიკა განლაგდა სოფელ ახმაჯისთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს სიახლოვეს. მათ გააკეთეს ე.წ. "კვამლის ფარდა“ და ჩაატარეს სამხედრო წრთვნები, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ახალგორში, სადაც ამჟამადაც არიან დისლოცირებულები, განაცხადა საგარეო უწყებამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ "მკაცრი პროტესტი“ გამოხატა რუსეთის აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც „წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების აშკარა დარღვევას“.

საქართველომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას "აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისაკენ მიმართული პროვოკაციები, იკისროს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ და უმოკლეს ვადებში განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button