
დიპლომატიურ სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
პარლამენტმა 10 დეკემბერს აზერბაიჯანში; შვეიცარიაში; პოლონეთში; პორტუგალიაში; სლოვაკეთსა და სლოვენიაში; შვედეთში; ეგვიპტესა და სირიაში; ასევე ევროპის საბჭოში რვა ახალი ელჩი დაამტკიცა.
აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა პროფესიით ექიმი, თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც ბოლოს თურქეთში საქართველოს გენერალურ კონსულად მუშაობდა. ის უკვე მესამე დიპლომატი იქნება, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი მისივე მოადგილემ, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა მამუკა ჟღენტმა შეცვალა. ჭიაბერაშვილი კი შვეიცარიაში საქართველო ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა.
საქართველოს აწ უკვე ყოფილი ელჩი შვეიცარიაში გიორგი გორგილაძე პორტუგალიაში დაინიშნა ელჩად.
შვედეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა კოტე ქავთარაძემ დაიკავა. ის პოლონეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში საქართველოს დიპლომატიურ მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეცვალა.
სლოვაკეთში და სლოვენიაში ახალი ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ნალბანდოვი გახდა. ჯერ–ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს მის ადგილს სამინისტროში.
ეგვიპტესა და სირიაში საქართველოს დიპლომატიური მისია ჩაიბარა არჩილ ძულიაშვილმა, რომელიც ქუვეთში, ბაჰრეინსა და კატარში საქართველოს საკონსულოს თანამშრომელი იყო. მან ახალ თანამდებობაზე შეცვალა გოჩა ჯაფარიძე, რომელიც ელჩად 2009 წლის მარტში იქნა დამტკიცებული.
დიპლომატიურ კორპუსში განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში პარლამენტმა მიმდინარე კვირაში ასევე დაამტკიცა ახალი ელჩები სომხეთში, მექსიკასა და ბრაზილიაში.
This post is also available in: English Русский