ახალი ამბები

ევროკავშირი ძალის გამოყენებაზე უარის შესახებ თბილისის პირობას მიესალმება

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი მიესალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას გამოაცხადა.

"მიმაჩნია, რომ ეს არის კონსტრუქციული ნაბიჯი და პოზიტიური წვლილი იმ ძალისხმევაში, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი და გრძელვადიანი მოგვარებისკენ არის მიმართული,“ – ნათქვამია ეშტონის განცხადებაში, რომელიც 25 ნოემბერს გავრცელდა.

"ამ კუთხით, ხაზს ვუსვამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, სადაც ძალის გამოუყენებლობის საკითხი დღის წესრიგის მთავარ თემას წარმოადგენს,“ – განაცხადა მან.

"ველით შემდგომ ნაბიჯებსაც, რის შესახებაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა; მზად ვართ საქართველოში კონფლიქტის მოგვარების კუთხით განვაგრძოთ ევროკავშირის აქტიური ჩართულობა,“ – განაცხადა ეშტონმა.

სააკაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ შესაბამის წერილებს ძალის გამოუყენებლობის ინიციატივის თაობაზე გაეროს გენერალურ მდივანს, ეუთოს გენერალურ მდივანს და ევროკავშირის ლიდერებს გაუგზავნის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ ალიო-მარიც მიესალმა და განაცხადა, რომ ეს კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად გადადგმული ”მკაფიო ნაბიჯია”. მან მოუწოდა  ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარეს საქართველოს ამ ნაბიჯს უპასუხონ ტყვეობაში მყოფი პირების განთავისუფლებითა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თავისუფლად გადაადგილების ნებართვით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button