skip to content
ახალი ამბები

აშშ–ში ახალი ელჩი საქართველო–ირანის ურთიერთობებზე საუბრობს

თემურ იაკობაშვილმა, რომელიც პარლამენტმა 24 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაამტკიცა, განაცხადა, რომ საქართველოს კავშირები ირანთან სრულად თავსებადია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებთან.

“მიმაჩნია, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დაბალანსებული და კარგი ურთიერთობა ყველა მეზობელთან – ირანი ერთ–ერთი ჩვენი მეზობელია და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ირანთან ურთიერთობების ასპექტები, ძირითადად, არის ეკონომიკური ხასიათის, კულტურული ხასიათის, რაღა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ხასიათის, მაგრამ სრულად ჯდება იმ ჩარჩოებში, რომელიც ირანთან მიმართებაში აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას. ანუ ჩვენს ურთიერთობაში არ არის არაფერი ისეთი, რაც გადის ამ ჩარჩოებიდან,“– განუცხადა იაკობაშვილმა დეპუტატებს 24 ნოემბერს.  

“პირიქით, მიგვაჩნია, რომ საქართველო შეიძლება იყოს ის ქვეყანა, სადაც მხარეების ინტერესები შეიძლება იყოს დაახლოებული და ჩვენთვის მნიშვნელოვანია და სულ ერთი არ არის, რომ ირანი იყოს სრულფასოვანი წევრი საერთაშორისო თანამეგობრობისა და ამისათვის თუ საქართველოს შეუძლია წვლილის შეტანა, ძალიანაც კარგი იქნება,“– დასძინა მან.  

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button