
მედვედევი: საქართველო – ”ყველაზე სერიოზული” უთანხმოება ნატოსთან
რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ლისაბონის სამიტზე რუსეთმა და ნატომ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ”ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს”, თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ უთანხმოებები კვლავაც რჩება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.
”ერთ–ერთი ასეთი, შესაძლოა ყველაზე სერიოზული უთანხმოება მდგომარეობს 2008 წლის მოვლენების ჩვენეულ შეფასებაში – იმასთან დამოკიდებულებაში, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, და დამოკიდებულებაში იმ ცნობილ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, რომლებიც იმ პერიოდში მოხდა, კერძოდ, ორი სახელმწიფოს – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღმოცენებისადმი. მაგრამ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს თემა შემაბრკოლებელ ლოდად არ უნდა იქცეს,” –განაცხადა მედვედევმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
”გულახდილად რომ ვთქვათ, პირველ რიგში, ისინი [წინააღმდეგობები] არც ისე ბევრია; გარდა ამისა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხებმა ჩვენი ურთიერთობები არ უნდა გახლიჩოს. პირიქით, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა ამ რთული სიტუაციებიდან გამოსავალი გამოვნახოთ. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ერთმანეთის არგუმენტები მოვისმინოთ,” – დასძინა მან.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ მთლიანობაში ლისაბონის სამიტი აღმოჩნდა ”ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების განმტკიცების გზაზე” და ამ კუთხით, მისი თქმით, ეს სამიტი ”ნამდვილად ისტორიული” მოვლენაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)