ახალი ამბები

“ისტორიული” გზა შიდა ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 ნოემბერს აშშ–ის დახმარების პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული ახალი გზა გახსნა, რომელიც, მისი თქმით, "ისტორიული“ გზაა, რომლითაც ფაქტიურად მთავრდება სამცხე–ჯავახეთის იზოლაცია.

ახლადგახსნილი გზა თბილისის სამხრეთიდან იწყება, კვეთს ქვემო ქართლის რეგიონს და ახალქალაქამდე ჩადის, საიდანაც გზის ერთი განშტოება თურქეთის საზღვარზე, კარწახის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიდის, ხოლო მეორე -სომხეთის საზღვრამდე.

224–კილომეტრის სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაობზე ორი წლის მანძილზე 209 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა და აშშ-ის დახმარების პროგრამის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა. ამ გზის რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის დახმარების პროგრამის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო.

"მსურს ამერიკის მთავრობას მთელი ჩვენი ხალხის სახელით გულწრფელი მადლობა გადავუხადო,“ – მიმართა სააკაშვილმა აშშ–ს ელჩს ჯონ ბასს, რომელიც ასევე ესწრებოდა გახსნის ცერემონიას, "ამერიკელებმა ჩვენთან ერთად ამ გზის მშენებლობას უფრო მეტი დრო მოანდომეს, ვიდრე ჩვენ დაგვჭირდებოდა, მაგრამ ძალიან გულდასმით აშენებდნენ… მოწმდებოდა გზის ყოველი მეტრი, ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ეს არის საუკეთესო ხარისხის გზა. ეს არის სტანდარტი, როგორიც უნდა იყოს ამის შემდეგ ყველა გზა საქართველოში“. 

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ახალ გზაზე Toyota RAV4-ით გაიარა, რომელიც მისი თქმით, დედამისს ეკუთვნის, პრეზიდენტმა ახალქალაქის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და უთხრა მათ, რომ "ეს ისტორიული დღეა მთელი საქართველოსთვის“.

მან განაცხადა, რომ ბოლო საუკუნეების მანძილზე საქართველოში სამი  მნიშვნელოვანი გზა აშენდა; პირველი იყო სამხედრო-ქართული გზა, რომელიც ამჟამინდელი სახით მე–19 საუკუნეში აშენდა და რომლის მიზანიც, სააკაშვილის თქმით, „საქართველოსა და კავკასიის თავისუფლების მოსპობა, დამონება, დაკაბალება და კოლონიზაცია იყო“. მეორე გზა – როკის გვირაბი, რომელიც დაახლოებით 25 წლის წინ აშენდა, რომლის მიზანი, სააკაშვილის თქმით, ცხინვალის რეგიონის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასთან კავშირის ”ჩაჭრა იყო”.

"ეს არის მესამე, როკის გვირაბისგან სრულიად განსხვავებული გზა, რადგან ეს არის საქართველოს გაერთიანების, საქართველოს ერთ მუშტად შეკვრის, საქართველოს საბოლოოდ გათავისუფლებისკენ მიმავალი გზა,“ – განაცხადა მან. 

მისი თქმით, ეს სამი გზა არის დემონსტრირება იმ განსხვავებული როლისა, რომელსაც რუსეთი და აშშ საქართველოში ასრულებენ.

"ერთმა სახელმწიფომ ააშენა როკის გვირაბი და სამხედრო ქართული გზა, მეორე კი დაგვეხმარა ამ გზის მშენებლობაში, ე.ი. საქართველოს გაძლიერებაში, მისი განთავისუფლებისა და გაერთიანებისკენ მიმავალი გზის მშენებლობაში,“ – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button