
სააკაშვილი: საქართველოს სახელმწიფოებრიობა რუსეთისთვის “კოშმარია”
- სააკაშვილის თქმით, რეფორმებისთვის ყველაზე ცუდი კომპრომისია.
კავკასიის რეგიონში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში საქართველოს წარმატება "ყველაზე დიდი კოშმარია ჩვენი არაკეთილმოსურნეთათვის,“ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 ნოემბერს.
მისი თქმით, ქართველებს "გენეტიკაში გვაქვს სახელმწიფო შექმნის განცდის მონატრება“.
"მათთვის [რუსეთისთვის] ქართველები არიან ყველაზე დამოუკიდებლად მოაზროვნე ხალხი… რომლებიც ახლა ქმნიან სახელმწიფოს, რომელიც არის მათ სახელმწიფოზე უფრო ეფექტური და წარმატებული – ეს არის ყველაზე უფრო დიდი კოშმარი, რაც შეიძლება მათ წარმოედგინათ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
"რადგან საქართველომ შეძლო, ამას შეძლებს მთელი კავკასია – ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა, რომელიც მათ [რუსეთს] შეიძლება დაესიზმროთ,“ – დასძინა მან.
სააკაშვილმა ეს განცხადება ყვარელში გააკეთა, სადაც ის საქართველოში ტრეინიგზე მყოფ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის თანამშრომელთა 24-კაციან ჯგუფს შეხვდა.
მან განაცხადა, რომ საქართელოს რეფორმები წარმატებად ითვლება, რადგანაც მას ახორციელებს არა ინდივიდუალური ლიდერი, არამედ მოტივირებულ ლიდერთა მთელი გუნდი.
"ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული, დემოკრატიული სინგაპური. სინგაპური – ეს იყო ერთი ლიდერის წარმატება. საქართველოს შემთხვევაში, ეს არ არის ცალკე აღებული ლიდერის წარმატება – საქართველო ეს არის ლიდერების თანავარსკვლავედი,“ – განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ რა სხვაობაა რეფორმების კუთხით საქართველოს და უკრაინას შორის მათი ვარდების და ნარინჯისფერი რევოლუციების შემდეგ, სააკაშვილმა უპასუხა: "განსხვავება იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში და რაც მოხდა აქ, არის ის, რომ ჩვენ არ დაგვიშვია კომპრომისები“.
"კომპრომისები არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება რეფორმებს მოუვიდეთ… ჩვენ გავატარეთ რეფორმები ყველგან ერთდროულად და არ დაგვიშვია კომპრომისები და სადაც დავუშვით კომპრომისები, ყველგან მე პირადად ვინანე,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English Русский