skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

4 ნოემბერს, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დასრულებამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი, პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.

სააკაშვილმა და მოთაქიმ ”განიხილეს ორმხრივი ურთიერთობა და საერთაშორისო საკითხები. მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობა,” – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

”შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ საქართველოში გაღრმავდება სპარსული ენის, ირანის კულტურისა და ისტორიის შესწავლა.”

”საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ირანის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობა.”

”პრეზიდენტმა სააკაშვილმა მხარი დაუჭირა დიალოგისა და ოფიციალური კონტაქტების გაგრძელებას, აგრეთვე სამართლებრივი ინსტრუმენტების განვითარებას საქართველოსა და ირანს შორის,” – ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა თეირანსა და 5+1-ს (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია) შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლების მნიშვნელობა.

მან ”შეშფოთება გამოთქვა” ირანელი ქალის საქინე მოჰამადი აშთიანის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ირანში ჩაქოლვით სიკვდილი აქვს მისჯილი. 3 ნოემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშთიანის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button