
დეპუტატებმა გადასახადების გაზრდაზე რეფერენდუმის საჭიროების შესახებ პროექტის განხილვა განაახლეს
პარლამენტმა განაახლა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც, თუ მთავრობა გადასახადების გაზრდას ან ახლის შემოღებას დააპირებს, რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს.
აღნიშნული პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 4 ნოემბერს განიხილა.
ეს საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტს პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს 2009 წლის დეკემბერში, თუმცა მას შემდეგ ამ პროექტის განხილვა შეწყდა.
ცვლილებების მიხედვით, აქციზის გადასახადი იქნება გამონაკლისი, რომლის გაზრდასაც რეფერენდუმის დანიშვნა არ დასჭირდება.
პროექტის მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალაში შევა 2013 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ეს ცვლილება ნაწილია იმ წინადადებათა პაკეტის, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წლის ოქტომბერში წარმოადგინა და რომელიც ”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” სახელით არის ცნობილი.
”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია. სააკაშვილმა სექტემბერში განაცხადა, რომ პარლამენტი ამ აქტს შემოდგომაზე მიიღებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)