ახალი ამბები

საქართველო ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოსკოვის “ცინიკურ“ პოზიციას აკრიტიკებს

  • სარკოზი ძალის არგამოყენების ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს.

რუსეთმა განაცხადა, რომ მისი სასაზღვრო პოსტის პერევიდან გაყვანით, მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების "ვითომდა შეუსრულებლობის“ საკითხი "საბოლოოდ დაიხურა".

"ვიმედოვნებთ, რომ რუსული მხარის ეს ნაბიჯი, რომელიც საქართველოს და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე დაძაბულობის შემცირებისკენაა მიმართული, ადექვატურ და კონსტრუქციულ რეაქციას მიიღებს ქართული მხრიდან და საერთაშორისო თანამეგობრობიდან,“ – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თბილისმა განაცხადა, რომ რუსეთის განცხადება წარმოადგენს “მორიგ ცინიკურ მცდელობას“ თავი აარიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, რუსული ძალების აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებს.

საქართველოს განცხადებით, პერევიდან გასვლა რუსეთის ვალდებულების მხოლოდ მცირე ნაწილია და როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, პერევი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მხოლოდ 1%–ზე ნაკლებს შეადგენს.

რუსეთის მცდელობა, რომ პერევიდან გასვლა იქნას კვალიფიცირებული, როგორც მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, განწირულია მარცხისთვის, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ და დასძინა: "საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, სადაც რუსეთს ცალსახად მიუთითეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული იმპლემენტაციის საჭიროებაზე და ასე გაგრძელდება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის სრულ დეოკუპაციამდე.“ 

ევროკომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი მიესალმა სოფელ პერევიდან რუსული საგუშაგოს გატანას და ამ ფაქტს ადგილზე მომხდარი "დადებითი მოვლენა“ უწოდა. "მოუთმენლად ველი შემდგომ წინსვლას, რათა სრულად განხორციელდეს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმება და მისი შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, რაც 2008 წლის 8 სექტემბრითაა დათარიღებული,“ – აღნიშნა ეშტონმა 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

19 ოქტომბერს საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ დოვილში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მადლობა გადაუხადა თავის რუს  კოლეგას დიმიტრი მედვედევს პერევიდან გამოსვლის გამო და განაცხადა, რომ ეს იყო "მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ და "მნიშვნელოვანი პროგრესი“.

დოვილში რუსეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას სარკოზიმ ასევე განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ რუსეთი დათანხმდება საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლაზე სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

იმავე პრესკონფერენციაზე სარკოზიმ, რომლის შუამავლობითაც იქნა ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებები, მოუწოდა საქართველოს შეასრულოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. საფრანგეთის პრეზიდენტს ეს საკითხი არ განუვრცია.

მოსკოვი დიდი ხანია მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერას თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. რუსეთის ერთ–ერთი ბოლო შემოთავაზება გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ "ცალმხრივი დეკლარაციების“ ხელმოწერას თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ. თბილისი აცხადებს, რომ ის სრულად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ძალის არგამოყენების ვალდებულებასაც შეიცავს, თუმცა იგი მზად არის კიდევ ცალკე, დამატებით შეთანხმებას მოაწეროს ხელი იმ პირობით, რომ რუსეთი, და არა როგორიც თბილისი ამბობს, „მისი მარიონეტული რეჟიმები“, იქნება ამ შეთანხმების მხარე. თბილისი ასევე ითხოვს, რომ ამგვარი შეთანხმება რუსეთთან ასევე უნდა ითვალისწინებდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურის არსებობას, რომელსაც საბოლოო ჯამში ორი სეპარატისტული რეგიონის "სრული დეოკუპაცია“ მოყვება.

სწორედ ეს თემა წარმოადგენს ჟენევის მოლაპარაკებების ერთ–ერთ ყველაზე სადავო საკითხს.

აშშ–ის დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებზე ძირითადად იზიარებს თბილისის პოზიციას და აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება უკვე "აყალიბებს მხარეთა ვალდებულებას ძალის არგამოყენების თაობაზე,“ რაც დამატებითი, ცალკე აღებული შეთანხმების არსებობას "სრულიად ზედმეტს“ ხდის.  აშშ–ის პოზიციის თანახმად, რომელიც მან 2010 წლის ივნისში ჟენევის მოლაპარაკებების მეთერთმეტე რაუნდის შემდეგ გაახმოვანა, "შესაბამის მხარეებს შორის, რუსეთის ჩათვლით,  ძალის არგამოყენების კიდევ ერთი შეთანხმება გააუმჯობესებს ადგილზე არსებულ ვითარებას იმ შემთხვევაში, თუ ის ყველა მხარის პრობლემურ საკითხებს გაითვალისწინებს“ 

 

 

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button