ახალი ამბები

ვაშაძე ერთდღიანი ვიზიტით სომხეთს ესტუმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 4 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით  სომხეთის რესპუბლიკას სტუმრობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ ნალბანდიანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რადიო "თავისუფლების“ სომხეთის ბიუროს ცნობით, ერევანში თავის სომეხ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები "არ ყოფილა იმაზე უკეთესი, ვიდრე დღესაა“.

"როგორც ახლო მეგობრებს და მეზობელ ქვეყნებს, ჩვენ ყოველთვის გვექნება გარკვეული განსახილველი საკითხები, თუმცა ვცდილობთ, რომ ეს საკითხები პრობლემებად არ ვაქციოთ,“ – განაცხადა მან, "უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ თითოეულ საკითხზე ურთიერთგაგებამდე მივდივართ“.   

იმავდროულად, თბილისში ვაშაძის ვიზიტის კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა "ბზარი შეიტანოს“ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, ორი ქვეყანა აქტიურ თანამშრომლობას ავითარებს. 
  
"თქვენ იცით, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან [სომხეთთან] საკმაოდ აქტიური ურთიერთობები გვაქვს. სწორედ მაღალი დონის ხშირი ვიზიტები მოწმობს იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები კარგ ვითარებაშია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ცდილობს ჩვენს ურთიერთობებში ბზარი შეიტანოს, თუმცა ეს ჩვენ ურთიერთობებზე ნეგატიურად არ აისახება,“ – განაცხადა ნინო კალანდაძემ პრესკონფერენციაზე.

4 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე ასევე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს.

"პრეზიდენტმა სარგსიანმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა დონეებზე ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას და გაღრმავებას უწყობს ხელს,“ – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. ამავე განცხადების თანახმად, თებერვალში სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების განხორციელება ორ ქვეყანას შორს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას დაეხმარება.

ვიზიტის გაშუქებისას სომხურმა საინფორმაციო საშუალებებმა ძირითადად ვაშაძის იმ განცხადებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც სომხეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას ეხებოდა. ამის მიზეზი ვაშაძის წინა განცხადება გახდა იმავე საკითხზე, რომელიც მან 7 სექტემბერს Azeri-Press Agency (APA)–სთან ინტერვიუში გააკეთა. მაშინ სააგენტო იტყობინებოდა მის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ "რუსული სამხედრო ბაზის სამხრეთ კავკასიაში ყოფნა სახიფათოა საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის და კიდევ უფრო [სახიფათოა] სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის“. იმავე ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზისთვის 2044 წლამდე ვადის გაგრძელება "უზარმაზარი, უზარმაზარი საფრთხეა საქართველოსთვის“ (APA–მ ამ ინტერვიუს ნაწილის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვარაუდები, რომ ვაშაძის განცხადება დამახინჯებული იყო).

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადების კომენტირებისას, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ვაშაძე არასწორად იყო ციტირებული. "ნებისმიერ შემთხვევაში, უცხოეთის არც ერთ ოფიციალურ პირს არ აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს საქმეებში და კომენტარები გააკეთოს ჩვენი უსაფრთხოების საკითხებზე,“ – განაცხადა მაშინ სომხეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როდესაც ვაშაძეს 4 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ როგორც სუვერენულ სახელმწიფოს "სომხეთს აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ რა სახის უსაფრთხოების სტრუქტურაა მისაღები მისი ხალხისთვის,“ – იტყობინება რადიო "თავისუფლების“ სომხეთის ბიურო. ამავე ინფორმაციით, ვაშაძემ განაცხადა, რომ მის განცხადებებს მედია "ზოგჯერ არაზუსტად აშუქებს“. 

20 აგვისტოს, როდესაც გიუმრის რუსული ბაზისთვის ვადის 2044 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მოეწერა ხელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ თბილისს არავითარი საფუძველი არ აქვს იეჭვოს, რომ სომხეთი რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. 

“ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ სომხეთი სრულად აცნობიერებს და აცნობიერებდა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებს, რომელიც ეხებოდა საქართველოს, მათ შორის რეგიონალურ კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ცნობიერება ჩვენი მეზობლის [სომხეთის] დონეზე არსებობს, ჩვენ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიეჭვოთ, რომ სომხეთი რაიმე სახით რეგიონულ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებს,“– განაცხადა მან.

იმავე საკითხზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 3 სექტემბერს, რომ მას საერთოდ არ "ანერვიულებს“ რუსეთის შეთანხმებები სომხეთთან და უკრაინასთან, რომლებითაც რუსეთმა გაახანგრძლივა, შესაბამისად, მისი სამხედრო ბაზისა და შავი ზღვის ფლოტის ყოფნა ამ ქვეყნებში.

“პირდაპირ გეტყვით საერთოდ არ მანერვიულებს ეს ყველაფერი,“– განაცხადა მან, "გვანერვიულებს მოკლევადიანად, როგორც საფრთხე, მაგრამ გრძელვადიანად საერთოდ არაფერს არ მოუტანს ეს ამ ქვეყანას. თავისი დაჟანგული ბაზები როგორც გავიდა საქართველოდან, ასევე ბევრად უფრო ადრე გავა იმ ქვეყნებიდან, სადაც ის აწერს ხელს, აღარ ვლაპარაკობ ჩვენ ტერიტორიებზე,“– განაცხადა სააკაშვილმა.

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button