თბილისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ პოზიციას ‘ოფიციალურად გააფორმებს’
უახლოესი კვირების მანძილზე საქართველო აპირებს "ახალი ნაბიჯები გადადგას,“ რათა ოფიციალურად გააფორმოს ის პოზიცია, რომ თბილისი არ აპირებს "რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს,“ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 აგვისტოს რუსულ რადიოსადგურ "ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში.
მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა "ახალი ნაბიჯების“ გადადგმას აპირებს საქართველო ამ მიმართულებით; თუმცა, აღნიშნა, რომ ეს "დააწყნარებს რუსეთში მათ, ვინც სერიოზულად საუბრობს ქართულ თავდასხმაზე რუს ოკუპანტებზე, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან“ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
მოსკოვი დიდი ხანია მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერას თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. რუსეთის ერთ–ერთი ბოლო შემოთავაზება გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ "ცალმხრივი დეკლარაციების“ ხელმოწერას თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ. თავად რუსეთი უარს ამბობს ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, რადგანაც თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს.
თბილისი აცხადებს, რომ ის სრულად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ძალის არგამოყენების ვალდებულებასაც შეიცავს, თუმცა იგი მზად არის კიდევ ცალკე, დამატებით შეთანხმებას მოაწეროს ხელი იმ პირობით, რომ რუსეთი ამ შეთანხმების მხარე იქნება. საქართველოს ასევე სურს, რომ ახალ შეთანხმებაში ის ვალდებულებებიც აისახოს, რომელიც რუსეთმა ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აიღო და რომლის თანახმადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იმ პოზიციაზე უნდა დაბრუნდნენ, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე იყვნენ განლაგებული.
რადიო ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის განზრახვა ძალის გამოუყენებლობის შესახებ პოზიციის "გაფორმების“ თაობაზე "მანევრირების შესაძლებლობას შეამცირებს“ მათთვის რუსეთში, ვინც „ამ მცდარ ქართულ საფრთხეს თავიანთი შემდგომი ქმედებების გამართლებისთვის იყენებენ“. მისი ვარაუდით, რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ ისევ იყრის კენჭს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კვლავ გაამწვავებს დაძაბულობას საქართველოსთან, რათა ეს თავისი საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს.
"ჩვენ შევეცდებით, რომ ახალი რუსული წინასაარჩევნო კამპანია არ წარიმართოს ქართული პრობლემის საბოლოო მოგვარების ფონზე,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქართულ–რუსულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების "მოგვარების რეცეპტი ძალიან მარტივია“.
"პირველ რიგში, ეს არის როგორც მინიმუმ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, საქართველოსთვის საშუალების მიცემა, რომ თავად გადაწყვიტოს როგორ განვითარდეს, ვინ აირჩიოს, რომელ ალიანსში შევიდეს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
"ჩვენ არა ერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა დავიწყოთ მოლაპარაკებები არსებით საკითხებზწე რუსულ მხარესთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე… და ეს წინადადება ძალაში რჩება,"– აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)