ახალი ამბები

რუსეთი ტერორიზმზე აშშ–ის მოხსენებას საქართველოს კონტექსტში აკრიტიკებს

მოსკოვი ტერორიზმთან დაკავშირებით აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის მოხსენებას საქართველოს კონტექსტში აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თუ ვაშინგტონის შეფასებების მიღმა იმალება "რუსეთის "ტერორიზმის ექსპორტში“ დადანაშაულების მცდელობები, მაშინ სახეზეა ახალ გამოწვევებთან ბრძოლის პრობლემის პოლიტიზაცია“.

სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება, რომელიც 5 აგვისტოს გამოქვეყნდა, მიესალმება საქართველოს წვლილს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლაში, ქვეყნის საზღვრის დაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ინსფრასტრუქტურულ პროექტებს და იმავდროულად, აღნიშნავს იმ პრობლემებს, რომლებიც რჩება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში თბილისის მხრიდან არსებული უკონტროლობის გამო.

“რუსეთის განცხადებები საქართველოს მიერ ჩეჩენი ტერორისტების მხარდაჭერის და ამ პირების პანკისის ხეობაში დამალვის თაობაზე უსაფუძვლო გამოდგა და საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალე მცდელობები განახორციელა, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დაემტკიცებინა,“– ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს „ტერორიზმთან  სამაგალითო მებრძოლად" წარმოჩენა "გაკვირვებას“ იწვევს თავისი "მიკერძოებულობით".

“ამასთან იგნორირებულია არსებული ცნობები იმის შესახებ, რომ თბილისი ორმაგ თამაშს აწარმოებს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ტერორისტულ იატაკქვეშეთთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით რუსულ სპეცსამსახურებს არაერთხელ მიუწოდებიათ დამაჯერებელი მტკიცებულებები და ობიექტურმა დამკვირვებლებმა ეს დიდი ხანია აღნიშნეს,“ – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო აღნიშნავს, რომ ფაქტებით არ არის გამყარებული აშშ–ის შეფასებები სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და ეს "ტერორიზმის ექსპორტში“ რუსეთის დადანაშაულების მცდელობაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება აღნიშნავს, რომ 2009 წელს სიტუაცია ძირითადად უცვლელი დარჩა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და საქართველოს ხელისუფლება არ აკონტროლებს თავის საერთაშორისო საზღვრებს, რომლებიც ამ რეგიონებსა და რუსეთს შორის გადის.

“კონტროლის ნაკლებობამ რუსეთიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხალხის, საქონლის და სხვა პოტენციურად საშიში  ნივთების შეუზღუდავი და დაუდგენელი შესვლის საშუალება შექმნა,“– ნათქვამია მოხსენებაში. 

“კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალიების მიღების სურვილის უქონლობამ შეუშალა ხელი მოხსენების ავტორებს გაეაზრებინათ რუსეთსა და სხვა სუვერენულ სახელმწიფოებს – აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ საზღვარზე "ქართულ კონტროლზე“ საკითხის დასმის აბსურდულობა. რა თქმა უნდა, ასეთი კონტროლი არ არის და არც შეიძლება იყოს,“ – აცხადებს მოსკოვი.

რუსეთის საგარეო უწყება აქვე განმარტავს, რომ აღნიშნულ საზღვრებზე "მოქმედებს ადეკვატური გამშვები რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ტერორიზმთან, ნარკოტრაფიკთან და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს“, რომლის „განმტკიცებასაც“ ხელს უწყობს სეპარატისტულ ხელისუფლებებთან თანამშრომლობა და საბაჟო სფეროში დაგეგმილი შეთანხმებების ხელმოწერა.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება ასევე ამბობს: „საქართველოსა და კონფლიქტის ზონებს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების შემდგომი მილიტარიზაცია მოხდა 2009 წელს, როდესაც რუსეთმა თავისი ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრეებს ორივე რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლებებისგან კონტროლის გადაბარება დაავალა. ამ სასაზღვრო ზოლებზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდებოდა, თუმცა ფორმალური საბაჟო შემოწმების, უსაფრთხოების ინსპექციის ან სხვა კონტრტერორისტული პროცედურები არ არსებობდა“.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ „კატეგორიულად“ არ ეთანხმება ტერმინ „მილიტარიზაციის“ გამოყენებას ადმინისტრაციულ საზღვრებზე რუსული სასაზღვრო ძალების განლაგებასთან მიმართებაში.

“ზუსტად ჩვენი მესაზღვრეების წყალობით სიტუაცია საქართველოსთან ამ ორი სახელმწიფოს საზღვრებზე საგრძნობლად დასტაბილურდა და მთლიანობაში რჩება მშვიდი,“– აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, "სხვათა შორის, იგივე მოსაზრება აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. მთავარი ისაა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მშვიდობის მდგომარეობაში ცხოვრობენ“.

აქვე, მოსკოვი იმასაც აღნიშნავს, რომ არ ცდილობს "იდილიური სურათის" დახატვას, რადგან სეპარატისტული რეგიონებიც დგანან საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკოტრაფიკის და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის  საფრთხის წინაშე, რომლებსაც "მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად უნდა გაუმკლავდნენ“.

“სამწუხაროდ, ახალი კავკასიური სახელმწიფოების დამოუკიდებლობის უარყოფის არარეალისტური პოზიცია, რომელსაც ვაშინგტონი იკავებს, ართულებს მათ [სოხუმისა და ცხინვალის] მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დახმარების მიღებას“.

“საჭიროა ამ პროცესების პოლიტიზაციისაგან გათავისუფლება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩართვა აქტიურ საერთაშორისო თანამშრომლობაში, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში,“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, "ამ სახელმწიფოების ანტიტერორისტული პოტენციალის გაძლიერება ხელსაყრელი იქნებოდა არა მხოლოდ თავად მათთვის, არამედ ყველა მეზობლისთვის და საერთოდ მთელი მსოფლიო თანამეგობრობისთვის“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button