ახალი ამბები

გასაკეთებელი კვლავ რჩება – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ორი წლის თავზე

Civil.ge აქვეყნებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანსიორგ ჰაბერის სტატიას.

2008 წლის 7-8 აგვისტოს ომის დაწყების მეორე წლისთავსა და 14 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეორე ერთწლიანი მანდატის დასრულებას შორის ინტერვალი მაძლევს საშუელებას ამ ბოლო ორი წლის მანძილზე მისიის მუშაობა და ადგილზე არსებულ ვითარებაზე მისი გავლენა შევაფასო.

მისიის დაწყება მოხდა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და მისი შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებათა შესახებ 8 სექტემბრის შეთანხმების შედეგად. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერის წყალობით, მისია 200 დამკვირვებელთან ერთად, მანდატის შესრულებას 2008 წლის 1 ოქტომბერს შეუდგა, რაც მას ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ისტორიაში დროის ყველაზე მოკლე პერიოდში დაწყებულ მისიად აქცევს.

მისი მანდატი ოთხ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, კერძოდ სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას და ნდობის აღდგენას, ასევე ბრიუსელთან ანგარიშგებას რათა ევროკავშირის პოლიტიკის განმახორციელებლებს ქონდეთ ინფორმაცია [ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ].      
 
ნორმალიზაცია პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო, რომელიც მისიის წინაშე იდგა. თავისი საქმიანობის დასაწყისში მისიის მცდელობები იქითკენ იყო მიმართული, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის და საომარი მოქმედებების შედეგად გადაადგილებულთა ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებულიყო.

ევროკავშირის დამკვირვებლების მიერ პატრულირების დაწყებიდან რვა დღის შემდეგ [ადმინისტრაციული საზღვრების] მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლამ საშუალება მისცა დაახლოებით 30,000 დევნილს თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან მათი წასვლა ვერ აგვარებს საქართველოში დევნილთა დიდი ხნის პრობლემას. გარდა წინა კონფლიქტების შედეგად გადაადგილებულებისა, დღესდღეობით 30,000 დევნილი კვლავ ვერ ახერხებს სამხრეთ ოსეთში მდებარე სახლებში დაბრუნებას – დიდი ალბათბით მათი უმეტესობა განადგურდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. 
 
საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, შექებას იმსახურებს იმის გამო, რომ დევნილთა რთულ მდგომარეობაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა და იმის გამოც, რომ იმ დროისთვის უკვე არსებული დევნილები [იგულისხმება 90-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების შედეგად გაჩენილი დევნილები] იმ სტრატეგიაში ჩართო, რომლის საბოლოო მიზანს კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ყველა პირისთვის საცხოვრებელი პრობლემის გრძელვადიანი მოგვარება წარმოადგენს.

თუმცა, იმის უგულებელყოფაც არ შეიძლება, რომ იმ ზეწოლამ, რომლის ქვეშაც იმ დროს გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა, მთელი რიგი სერიოზული ხარვეზები გამოიწვია, რომელთა მოგვარებაც ახლაა საჭირო. თავისი სადამკვირვებლო როლის შემწეობით, EUMM-ი დევნილთა მდგომარეობას აკვირდება, მათ წუხილებს ინიშნავს და გამოტანილ დასკვნებს უზიარებს როგორც დონორებს, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ჩათვლით, ისე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ახორციელებენ, კერძოდ გაეროს სტრუქტურებს.

მაშინ როცა მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს საერთაშორისო დონეზე აღირებული საზღვრების ფარგლებში, დე ფაქტო ხელისუფლებების უარი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეშვებაზე ხელს უშლის მისიის ნორმალიზაციის და სტაბილიზაციის მცდელობებს.

განსაკუთრებით ქართველი მხარე მოელოდა, რომ ჩვენ, საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, შევძლებდით [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში] შესვლას მისიის დაწყებიდან მოკლე ხანში.

სამწუხაროდ, რამოდენიმე მცირე გამონაკლისის გარდა, ეს ჯერჯერობით არ მომხდარა. ჩვენი ქართველი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ მისიის მანდატის განხორციელების ამ შეზღუდვას ეფექტურად აბალანსებს ევროკავშირის არაღიარების თანმიმდევრული პოლიტიკა. თუმცა, ამავე დროს ჩვენ ვხვდებით, რომ სოხუმის და ცხინვალის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე შეღწევაზე შეზღუდვა ხელს გვიშლის, რომ ნათელი მოვფინოთ და გადავჭრათ ის ინციდენტები, რომლებიც ადგილზე ხდება.

ევროკავშირის მისია ყოველთვის ისწრაფვის მიუკერძოებული როლი ითამაშოს იმ კონკრეტულ საკითხებში, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ახდენენ ზეგავლენას ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე და ასევე რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. 
 
მისიის მანდატის სტაბილიზაციის კომპონენტის კუთხით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც 2009 წლის 26 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა, აშკარა წარმატებაა. შეთანხმებაში საქართველო ცალმხრივად იღებს შეზღუდვებს სამხრეთ ოსეთის გარშემო და აფხაზეთის სამხრეთით დეტალურად განსაზღვრულ ზოლში როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე მძიმე ტექნიკის განთავსებაზე.

ეს სცილდება იმ ვალდებულებებს, რომელსაც ექვსპუნქტიანი შეთანხმება შეიცავს. რუსეთის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯის სახით მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გამჭირვალეს გახდიდა ადმინისტრაციული საზღვრების მეორე მხარეს განთავსებულ სამხედრო ძალებს და ყველასთვის გაზრდიდა უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, EUMM-ის ხშირი შეთავაზებების  მიუხედავად, მოსკოვს ამგვარი ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.
 
მართალია ეს მემორანდუმი ცალმხრივია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის საქართველოს აშკარა უპირატესობას აძლევს. ახორციელებს რა მუდმივ მონიტორინგს იმ ქართული სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ძალებისა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს არიან განლაგებული, როგორც ამას მემორანდუმი ითვალისწინებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საშუალება აქვს  დაადასტუროს, რომ საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. ამ მემორანდუმის დიდი ღირებულება ნათლად გამოჩნდა 2009 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ევროკავშირის მისიამ, ადგილზე შეგროვილი დაკვირვებების წყალობით, შეძლო გამუდმებით გაებათილებინა რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ბრალდებები, თითქოს საქართველო ადმინისრაციული საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების მობილიზაციას ახდენდა.

ამიტომ, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძლიერი მტკიცებულებაა საქართველოს სურვილისა დაიცვას ძალის არგამოყენების პრინციპი, როგორც ამას ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს.    

ურთიერთგაგების მემორანდუმის დადებითი მაგალითი მნიშვნელოვან პრინციპს წარმოაჩენს, კერძოდ კი იმას, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც კონფლიქტის მხარეები ვერ მიდიან ფორმალურ ან არაფორმალურ შეთანხმებამდე, ერთი მხარის მიერ ცალმხრივი დათმობები შესაძლოა პროგრესის მისაღწევად ერთადერთი გზა აღმოჩნდეს. შედეგად, იმ მხარეს, რომელიც თამამად წავა ამგვარ დათმობებზე, არა მხოლოდ ზიანი არ მიადგება, არამედ ფაქტიურად ისარგებლებს კიდეც ამით.

მიმაჩნია, რომ ამ პრინციპის აღიარება, რომელსაც შესაძლოა ”კონსტრუქციული ცალმხრივობა” ვუწოდოთ, საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ჩართულობის სამოქმედო გეგმას. როგორც სტრატეგია, ისე მისი სამოქმედო გეგმა ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის მიმართულებებს განსაზღვრავს, რომლის მიზანიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალქეებისთვის (საქართველოს მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა) დახმარების ხელის გაწვდენაა.
 
თუმცა, ამ ორ დოკუმენტში ჩამოყალიბებული მიზნები, როგორც ჩანს, წინააღმდეგობაში მოდის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დებულებებთან, რომლებიც უფრო შემზღუდავ ხასიათს ატარებენ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებისადმი და კანონის უზენაესობისადმი პატივისცემის მიუხედავად, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ეს კანონი აგვისტოს ომის ემოციური ზეგავლენის ქვეშ იქნა მიღებული.

EUMM-ის ხედვით – რომელსაც გააჩნია მანდატი დააკვირდეს როგორც კანონის, ისე სამოქმედო გეგმის არსებულ და შესაძლო შედეგებს – საქართველოს ხელისუფლება უნდა ეცადოს შეინარჩუნოს თანმიმდევრული მიდგომა და გამოასწოროს ის არათანმიმდევრობა, რომელიც ერთის მხრივ, კანონსა და მეორეს მხრივ, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას შორის შეინიშნება და ეს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსების შემდეგ სიტუაცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე დიდწილად დასტაბილიზირდა. თუმცა, ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ სტაბილიზაცია კონფლიქტის მოგვარების ტოლფასია. საქართველოს მოსახლეობას ქონდა შესაძლებლობა გამოეცადა ეს 1993 წლიდან მოყოლებული 2008 წლამდე, როდესაც მიუხედავად სიტუაციის სტაბილიზაციის თაობაზე შეთანხმებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილზე ყოფნისა, საბრძოლო მოქმედებები მაინც ჩაღდებოდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავისი ვალდებულებების ერთგული დარჩება და გააორმაგებს მცდელობებს, რათა მხარეები ნდობის აღდგენის ღონისძიებებში ჩართოს. თუმცა, მტკიცედ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის საუკუთესო ზრახვებისა, კონფლიქტის ძირეული მიზეზების მოგვარების ამოცანა, პირველ რიგში, კონფლიქტის მხარეებს აკისრიათ. გარდა ამისა, თბილისმა, მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეების ინტერესები და თავიანთი გადაწყვეტილებები ამის შესაბამისად მიიღონ.

მისიის მანდატი ახლახანს განახლდა 2011 წლის სექტემბრამდე. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომ კვლავაც განაგრძონ ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში, ის, სავარაუდოდ, კვლავაც გაგრძელდება.  

მაგრამ ევროკავშირს, და კერძოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია მხოლოდ შესაძლებლობების მქონე გარემოს შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოსაგვარებლად. თავად კონფლიქტის მოგვარება მას არ შეუძლია და ამის გაკეთება მხოლოდ კონფლიქტების მონაწილეებს ძალუძთ. ამიტომ, ისინი უნდა მოემზადონ, რათა სრული პასუხისმგებლობა აიღონ მდგრადი და ხანგრძლივი მოგვარებისთვის რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანის მომავალი კეთილდღეობისა და მშვიდობიანი პერსპექტივის უზრუნველსაყოფად.

მსგავსი/Related

Back to top button