ახალი ამბები

რუსეთი საქართველოსთვის იარაღის ემბარგოს დაწესებას „დაჟინებით მოითხოვს“

რუსეთი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე „ფართო საერთაშორისო ემბარგოს“ დაწესებას კვლავ დაჟინებით მოითხოვს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „იტარ–ტასთან“ ინტერვიუში.

„დღეს შეიძლება ითქვას, რომ წარსულში საქართველოსთვის იარაღის ბევრმა აქტიურმა მიმწოდებელმა გააანალიზა თბილისის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკა და გადახედა საკუთარ მიდგომას,“ – განაცხადა კარასინმა ინტერვიუში, რომელიც 4 აგვისტოს გამოქვეყნდა.

„თუმცა, პრობლემა ჯერ კიდევ შორს არის მოგვარებისგან,“ – დასძინა მან.

მისი თქმით „’ქართული დემოკრატიის’ რამოდენიმე მფარველი” საქართველოს გადაიარაღებას ”კვლავაც ცდილობს სხვადასხვა საბაბით”.

„ამიტომ, ჩვენ კვლავაც დაჟინებით მოვითხოვთ ფართო საერთაშორისო ემბარგოს დაწესებას საქართველოსთვის, პირველ რიგში, თავდასხმითი იარაღის და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. ამგვარი ქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებდა ქართული აგრესიის განმეორების საფრთხეს,“ – განაცხადა მან.

მიმდინარე კვირაში ისრაელში გამომავალ გაზეთ Haaretz–თან ინტერვიუში საქართველოს ელჩმა ისრაელში ვახტანგ ჯაოშვილმა განაცხადა, რომ თბილისი საქმის კურსში, რომ „რუსეთი ზეწოლას ახდენს” ისრაელზე, რათა მან არ მიყიდოს საქართველოს შეიარაღება. მისი თქმით რუსეთი ცდილობს ისრაელზე ზეწოლა მისი ირანთან სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში მოახდინოს. 

„იტარ–ტასთან“ ინტერვიუში კარასინმა ასევე განაცხადა, რომ საქართელოს ხელისუფლება „კვლავ შეპყრობილია აბსტრაქტული იდეით” მოახდინოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია. ამგვარ ვითარებაში, განაგრძო მან, ქართველებს და აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენა რთულად წარმოსადგენია.

„დაკარგული ნდობის აღდგენა – შრომატევადი პროცესია, რომელიც არც თუ მარტივი გადაწყვეტილებების მიღების სითამამეს და სახელმწიფო სიბრძნეს მოითხოვს,“ – განაცხადა მან,

 „თბილისის პრაქტიკულად ყველა საგარეო მცდელობა კონცენტრირებულია ე.წ. ’ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სტრატეგიის’ და მისი რეალიზაციისთვის სამოქმედო გეგმის წინ წამოწევაზე. თავად [სტრატეგიის] სახელწოდება უკვე ყველაფერზე მეტყველებს. გასაგებია, რომ აფხაზები და ოსები არასოდეს დათანხმდებიან ასეთ შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიაზე,“ – განაცხადა კარასინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button