ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების მეთორმეტე რაუნდი

27 ივლისს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს შუამავლობით ჟენევის მოლაპარაკებების მეთორმეტე რაუნდზე გაიმართება – ფორმატი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნა.

სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ, მიუხედავად სოხუმის მიერ ივნისის ბოლოს გაკეთებული განცხადებისა, რომ ისინი „დროებით ტოვებენ“ მოლაპარაკებებს.

„სამწუხაროდ ჩვენ ამ რაუნდზე არ ველით, რომ რაიმე არსებითი ნაბიჯები იქნება გადადგმული, განსაკუთრებით იმ ძალიან ნეგატიურ და არაკონსტრუქციულ ფონზე, რასაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან და მათი კლიენტების მხრიდან, სოხუმს და ცხინვალს ვგულისხმობ,“ – განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ 26 ივლისს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა მორიგი რაუნდი მუქარის [აფხაზური მხრიდან], რომ ისინი საერთოდ არ ჩამოვლენ ჟენევაში. კარგია რომ ჩამოდიან. ჩვენ მომხრე ვართ, მიუხედავად ასეთი ნეგატიური ფონისა, მოლაპარეკებების გაგრძელების,“ – განაცხადა მან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა, რომელიც ქართული დელეგაციის წევრია, განაცხადა 26 ივლისს, რომ სოხუმის განცხადება მოლაპარაკებების დროებით დატოვების შესახებ მოლაპარაკებათა შუამავლების შანტაჟის მცდელობა იყო.

24 ივლისს გამოქვეყნებულ მოკლე პრეს–რელიზში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მეთორმეტე რაუნდზე „უსაფრთხოების კუთხით საქართველოსთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე არსებული სიტუაცია“ იქნება განხილული.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიების მთავარ ამოცანად რჩება ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების შემუშავება“; ეს საკითხი მხარეებს შორის დაპირისპირების ერთ–ერთ მთავარ თემად რჩება. 

მოსკოვი უკვე დიდი ხანია ითხოვს ცალ-ცალკე, დამატებით ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებებს თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. თავად რუსეთი უარს ამბობს ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, რადგანაც თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს. თბილისი აცხადებს, რომ ის სრულად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ძალის არგამოყენების ვალდებულებასაც შეიცავს, თუმცა იგი მზად არის კიდევ ცალკე, დამატებით შეთანხმებას მოაწეროს ხელი იმ პირობით, რომ რუსეთი ამ შეთანხმების მხარე იქნება. თბილისის ამგვარ პოზიციას ჟენევის მოლაპარაკებებზე აშშ–ს დელეგაციაც უჭერს მხარს.

5 ივლისს თბილისში ვიზიტის დროს აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს „გამოცოცხლება და გაძლიერება სჭირდება“ მან ასევე მოუწოდა აფხაზურ მხარეს „კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს“ ჟენევის დისკუსიებში.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button