skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველის საქმიანობაში რიგი ცვლილებები იგეგმება

სახალხო დამცველის ოფისი ბიუჯეტიდან იმ ოდენობის თანხით უნდა დაფინანსდეს, რაც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების "ჯეროვნად განხორციელებას“ და ყოველი შემდეგი წლის დაფინანსება არ უნდა იყოს წინა წლის ოდენობაზე ნაკლები, ნათქვამია სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტში.

სახალხო დამცველის აპარატის საბიუჯეტო დაფინანსება 2008 წელს 2.3 მლნ ლარს; 2009 წელს – 2 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის ბიუჯეტით 1.5 მლნ ლარია განსაზღვრული.

სახალხო დამცველის აპარატისთვის ფინანსური გარანტიების შექმნისა და სხვა ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ამჟამად დეპუტატები განიხილავენ.

კიდევ ერთი ნოვაციაა სახალხო დამცველის ახალი უფლება არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ უფლებას დღევანდელი კანონმდებლობა ომბუდსმენს მხოლოდ რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ანიჭებს.

კანონპროექტის თანახმად,  სახალხო დამცველს შესაძლოა მხოლოდ ერთხელ, მარტის თვეში მოუწიოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა.

ამჟამად მოქმედი წესის თანახმად, სახალხო დამცველი დეპუტატებს წელიწადში ორჯერ წარუდგენს ანგარიშს.

საპარლამენტო უმცირესობისა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს სახალხო დამცველის პარლამენტთან ანგარიშგების შეკვეცის შესაძლებლობა. თუმცა ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განუცხადა რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს, რომ იგი მიესალმება აღნიშნულ ცვლილებას, რადგან ორჯერ ანგარიშის მომზადებას მიაქვს დიდი დრო და სჭირდება უზარმაზარი რესურსი, ხოლო მისი ეფექტურობა უმნიშვნელოა.

ბოლო წლებში იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ობუდსმენის ანგარიშების მოსმენა ჭიანურდებოდა პარლამენტში. ასევე უკანასკნელ პერიოდში დამკვიდრდა პრაქტიკა, როცა პარლამენტი ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს იღებს ცნობად, სპეციალური დადგენილების მიღების ნაცვლად.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ სახალხო დამცველს აქვს უფლება წერილობით მიმართოს პრეზიდენტს ან წარსდგეს მოხსენებით პარლამენტში ადამიანის უფლებათა "უხეში და მასობრივი“ დარღვევის შემთხვევაში, თუკი მის ხელს არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია, ახალი რედაქციით, მას ასეთ შემთხვევებში პარლამენტისთვის მიმართვის უფლება ჩამოერთმევა. თუმცა ამ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, მას კვლავაც დარჩება უფლება მიმართოს პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნისა და კონკრეტული დარღვევის ფაქტის განხილვის მოთხოვნით.

კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველს შეეზღუდება უფლება, რომ გაამჟღავნოს ინფორმაცია პირის წამების ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ, თუ ამ პირის "მკაფიოდ გამოხატული თანხმობა“ არ ექნება.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს წინასწარი გამოძიების ან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, თუ საქმის განხილვისას მივა დასკვნამდე, რომ სახეზეა დანაშაულის ნიშნები. ამასთან, სახალხო დამცველს გამოძიების დაწყების ან დაწყებაზე უარის გადაწყვეტილება 10 დღეში უნდა აცნობონ შესაბამისმა ორგანოებმა. არსებული რედაქციით, დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, სახალხო დამცველს საგამოძიებო ორგანოებისთვის მხოლოდ მასალების მიწოდების უფლებამოსილება გააჩნია.

ამასთან, სახალხო დამცველის წინადადებების და რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო დაწესებულება და თანამდებობის პირები ვალდებულნი იქნებიან წერილობით დაასაბუთონ ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი 15 დღის განმავლობაში, ნათქვამია კანონპროექტში. 

ახალი ინიციატივის თანახმად, შემოდის სახალხო დამცველის რწმუნებით აღჭურვილი პირის და ასევე "amicus curiae”–ს (სასამართლოს მეგობარი) ცნებები.

რწმუნებით აღჭურვილ პირს, სახალხო დამცველის მსგავსად, შეეძლება მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია, ახსნა–განმარტებები სახელმწიფო დაწესებულებებში და თანამდებობის პირებისაგან დაუყოვნებლივ, ზეპირი მოთხოვნისთანავე; წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში კი  – 10 დღეში, ადმინისტრაციული კოდექსით საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დაწესებულ ვადაში. ამ მხრივ დაბრკოლების შექმნა ისჯება კანონით.

რაც შეეხება "amicus curiae”–ს, სახალხო დამცველს ექნება უფლება, შესაბამისი ნების შემთხვევაში, ცალკეულ შემთხვევებში გამოვიდეს სასამართლოს წინაშე და რჩევები ან ექსპერტული მოსაზრებები გამოთქვას კონკრეტულ საქმეზე. 

სახალხო დამცველის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილებები, რომელიც პარლამენტში 6 ივლისს შევიდა, მმართველი პარტიიდან სამმა დეპუტატმა: პავლე კუბლაშვილმა, კახა ანჯაფარიძემ და ჩიორა თაქთაქიშვილმა მოამზადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button