ახალი ამბები

სსფ: ეკონომიკის გამოჯანსაღება ძალას იკრეფს, მაგრამ რისკები რჩება

საქართველოს ეკონომიკის გამოჯანსაღება ”ძალას იკრეფს”, თუმცა ”რისკები რჩება,” რაც შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და მასთან დაკავშირებულ ვალუტის გაცვლითი კურსის წნეხში გამოიხატება, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ).

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 9 ივლისს საქართველოსთან 2008 წლის სექტემბერში დაწყებული პროგრამის ფარგლებში მორიგი ტრანში – 74,8 მილიონი აშშ დოლარი – გამოყო. პროგრამის ხანგრძლივობა ფონდმა 2011 წლის ივნისამდე გააგრძელა, ხოლო მისი საერთო მოცულობა 1.1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ფონდის რეკომენდაციები: კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა – სავალუტო რეზერვების დასაშვები ქვედა ზღვრის კრიტერიუმი, ხოლო მთავრობამ – ნაღდი ფულის დეფიციტის ზედა ზღვრის მაჩვენებელი. ფონდმა რეკომენდაციების შესრულების ახალ ვადად საქართველოს 2010 წლის სექტემბრის ბოლო განუსაზღვრა.

ფონდი მიესალმა საქართველოს მთავრობის ”გადაწყვეტილებას გადადოს” გადასახადის რეფერენდუმის მეშვეობით გაზრდის შესახებ საკანონმდებლო შესწორების დამტკიცება. ეს წინადადება ეკონომიკური თავისუფლების აქტის სახელით ცნობილი პაკეტის ნაწილია.

პარლამენტმა 2009 წლის 25 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავრობას ავალდებულებს ჩაატაროს რეფერენდუმი, თუ ის გადაწყვეტს საშემოსავლო, მოგების, დამატებითი ღირებულების და საბაჟო გადასახადების გაზრდას, ან ახალი გადასახადის შემოღებას. მას შემდეგ ეს წინადადება პარლამენტს აღარ განუხილავს და შესაბამისად, მეორე და მესამე მოსმენითაც არ მიუღია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ ამ ინიციატივის შესრულების გადადება ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკის ”მოქნილობას, ვიდრე ფისკალური დეფიციტის დონე არ დაუბრუნდება უფრო გონივრულ დონეს.”

ფონდი ასევე მიესალმა მთავრობის მიერ ”ახალი საშემოსავლო ზომების” მიღებას და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს მის მიერ დასახული ”ამბიციური” მიზნის შესრულება, რაც 2011 წლისთვის ფისკალური დეფიციტის შემცირებას უკავშირდება.

ფონდმა აღნიშნა, რომ საბანკო სექტორის მიერ დაკრედიტება და ბოლო ერთი წლის განმავლობაში კრედიტის საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი შემცირება ეკონომიკის გამოჯანსაღების პროცესის მაჩვენებელია.

Back to top button