ახალი ამბები

პარლამენტმა უმნიშვნელოდ შეცვლილ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

  • პრემიერ–მინისტრი: მთავარი პრიორიტეტები უცვლელი რჩება;
  • პრემიერ–მინისტრი: 2010 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურია.

მთავრობამ, რომელსაც სამი ახალი მინისტრი ჰყავს, 2 ივლისს პარლამენტის ნდობა მოიპოვა. საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა მთავრობასა და მისი პროგრამას.

ვერა ქობალიამ, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა დაბრუნდა კანადიდან საქართველოში საცხოვრებლად, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვალა; ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრი საგზაო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რამაზ ნიკოლაიშვილი გახდა; ხოლო ახალგაზრდობისა და სპორტის ახლად შექმნილ სამინისტროს შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი ჩაუდგა სათავეში.

შემდეგ ნდობის გამოცხადება ფორმალობა იყო, რაც იმ ფაქტმა განაპირობა, რომ მთავრობის წევრთა ერთი მესამედი გამოიცვალა სხვადასხვა დროს მას შემდეგ, რაც 2009 წლის თებერვალში ადგილი ჰქონდა მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების ბოლო ასეთ პროცედურას.  

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განუცხადა დეპუტატებს 2 ივლისს, რომ მთავრობის „მიზნები და ამოცანები უცვლელი რჩება“.

"ჩვენს პროგრამას იგივე სახელწოდება აქვს – ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე,“ – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა დეპუტატებს კენჭისყრამდე.

მისი თქმით, პრიორიტეტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს, "მშვიდობიანი, დიპლომატიური საშუალებით და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მაქსიმალური გამოყენებით“.

"[ქვეყნის] გაერთიანების პოლიტიკა დაეფუძნება სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით,“ – განაცხადა გილაურმა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაში საქართველოს პრიორიტეტი რჩება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "არ აღიარების პოლიტიკა“ და ნატოში ინტეგრაცია.

რაც შეეხება ეკონომიკას, მან განაცხადა, რომ 2004–2008 წლებში დაფიქსირებული წლიური 7%–იანი "მნიშვნელოვანი ზრდის“ შემდეგ, საქართველო 2009 წელს სირთულეების წინაშე დადგა, რის შედეგადაც 3.9%–იანი ეკონომიკური კლება დაფიქსირდა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

მან ეკონომიკური კლება გასულ წელს შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას, აგვისტოს ომის შედეგებს და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დაუკავშირა.

გილაურის თქმით, დადებითი ნიშნები წელს გამოჩნდა, როდესაც მშპ 4.5%–ით გაიზარდა 2010 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მისი თქმით, მთავრობის ზომიერი პროგნოზით, წლიური ზრდა წელს 4.5% იქნება.

პრემიერ–მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ მაღალია, უამრავი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა 2004 წლის შემდეგ და საშუალო ხელფასი ოთხჯერ გაიზარდა.  

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის დონე 2004 წელს 12.6% იყო, ხოლო 2009 წელს 16.9%–მდე გაიზარდა.

გილაურის თქმით, არასაკმარისი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავ პრობლემად რჩება.

2010 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 75.7 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, ანუ 41.5%–ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გილაურის თქმით, ასევე პრობლემად რჩება სახელმწიფო ქონების "პრივატიზაციის შემცირებული ტემპი“.

მისი თქმით, საერთაშორისო დონორების 4.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნისთვის კერძო სექტორიდან ინვესტიციების ნაკადის შემცირების ფონზე. გილაურმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე გამოიყენა 3.5 მილიარდი დოლარი 4.5 მილიარდიდან.

"საქართველო სრულად გამოიყენებს 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მომდევნო ორი–სამი წლის მანძილზე,“ – განაცხადა გილაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომელიც ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია, მთავრობის პრიორიტეტად რჩება, რადგანაც დოკუმენტი განიხილება როგორც მთავარი სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივა სტაბილური დარჩება. მისი თქმით, თავისუფლების აქტი ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკიცების შემდეგ იქნება მიღებული.

 

 

Back to top button