ახალი ამბები

სარეზერვო სამსახურის შესახებ ახალი კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

სამხედრო სარეზერვო სამსახურში სავალდებულო გაწვევას 40 წლამდე პირები დაექვემდებარებიან წელიწადში რამოდენიმეჯერ, თუმცა მათი შეკრების ვადა  45 დღეს არ უნდა აღემატებოდეს წლიურად, ნათქვამია სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონის ახალ პროექტში, რომელიც პარლამენტმა 2 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო.

არსებული სისტემით, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლებამ  არაეფექტურად ცნო, სარეზერვო ძალებში სამსახური ითვალისწინებს 18-დღიან სავალდებულო მოსამზადებელ კურსს წელიწადში ერთხელ.

კანონპროექტის თანახმად რეზერვი იქმნება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების მხარდასაჭერად და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა ან მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის დახმარების გასაწევად. ასეთ ვითარებებში რეზერვის გავლა სავალდებულოა ყველა აღრიცხვაზე მყოფი პირისთვის და ითვლება სამხედრო სამსახურად. 

ამასთან, პროექტის მიხედვით, რეზერვისტთა აღრიცხვაზე ყოფნის ზღვრული ასაკი სამხედრო წოდების არმქონე პირთათვის 50 წლამდეა; ხოლო სამხედრო წოდების მქონეთათვის – 55 წლამდე. ოფიცრის სამხედრო წოდებების სხვადასხვა კატეგორიებისთვის ეს ასაკი 50–დან 65 წლამდე მერყეობს. 

რეზერვისტთა აღრიცხვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ახდენს და ინფორმაციას ყოველი წლის დეკემბრამდე აწვდის თავდაცვის სამინისტროს; სარეზერვო სამსახურში გაწვევას ადგილობრივი გამგეობები სპეციალურად შექმნილი გამწვევი კომისიის მეშვეობით ახორციელებენ და უზრუნველყოფენ რეზერვისტთა ტრანსპორტირებას მათი შეკრების ადგილამდე, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში გაწვევა შესაძლოა თავდაცვის სამინისტრომაც განახორციელოს, ნათქვამია კანონპროექტში.

რეზერვისტი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას ინარჩუნებს სამუშაო ადგილს და ხელფასს.  კანონპროექტი, იმ პირს, ვინც გაიარა სარეზერვო სამსახური, ამ მოტივით უპირატესობას ანიჭებს საჯარო სამსახურში დანიშვნისას და დაწინაურებისას. გარდა ამისა, სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტზე და მისი ოჯახის წევრებზე ვრცელდება სამხედრო მოსამსახურისა და მისი ოჯახისთვის დაწესებული ყველა სოციალური პრივილეგია და კომპენსაციები.

პროექტის მიხედვით, სამხედრო  სარეზერვო  სამსახურისთვის  თავის  არიდებისთვის პირი დაისჯება კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ადმინისტრაციულ ჯარიმებსა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს შემთხვევათა კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სარეზერვო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების შესაძლებლობებსაც.

ასევე კანონპროექტში განსაზღვრულია იმ პირთა ნუსხაც, რომლებიც სავალდებულო გაწვევისგან თავისუფლდებიან. მათ შორის არიან: ძალოვან უწყებებში; დიპლომატიური თანამდებობებზე მომუშავე პირები; პარლამენტარები; მოსამართლეები; პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირები; ასევე განსაზღვრული ვადით შეირაღებულ ძალებში და სარეზერვო სამსახურში ნამსახურები პირები. ამასთან, მათი სარეზერვო სამსახურში ნებაყოფლობით საფუძველზე გაწვევა შესაძლებელია.

რეზერვის ახალი სისტემის ხედვაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეროვნულმა გვარდიამ გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა, ნათქვამია იყო, რომ ახალი სარეზერვო სისტემა ორიენტირებული იქნებოდა ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

Back to top button