ახალი ამბები

მაგისტრალური მილსადენები შესაძლოა გაიყიდოს

მაგისტრალური გაზსადენების ამოღება იგეგმება იმ ქონებათა ნუსხიდან, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება. ამდენად, შესაძლოა პრივატიზებას დაექვემდებაროს ჩრდილოეთ-სამხრეთის აშშ–ის მთავრობის დახმარებით რეაბილიტირებული მაგისტრალური გაზსადენი.

პრივატიზაციას დაუქვემდებარებელი ნუსხიდან მაგისტრალური მილსადენების ამოღება გათვალისწინებულია სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტში, რომელიც პრივატიზაციის საკითხებზე მოქმედი ოთხი კანონის კონსოლიდირებას ახდენს და პარლამენტში უკვე ინიცირებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის და მისი მოადგილის ლაშა თორდიას მიერ.

“პრინციპი არის ძალიან მარტივი – ნებისმიერ საწარმოს გაცილებით უკეთ მართავს კერძო სექტორი, ვიდრე სახელმწიფო. ეს არის ფაქტი, ეს არის აქსიომა იმ ადამიანებისათვის, ვინც თავისუფალი ეკონომიკურ ურთიერთობას მხარს უჭერს, აქედან გამომდინარე გამონაკლისში, თუ რომელი საწარმოს პრივატიზება არ შეიძლება, არ უნდა იყოს არცერთი საწარმო,“ – განუცხადა Civil.ge-ს პავლე კუბლაშვილმა 30 ივნისს.

კითხვაზე გეგმავს თუ არა ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას და არსებობს თუ არა უკვე კონკრეტული მყიდველი, პავლე კუბლაშვილმა უპასუხა: "ეს არ არის დღეს გადასაწყვეტი საკითხი. მე ვფიქრობ, რომ კანონი არ უნდა აწესებდეს შეზღუდვას, ხოლო როგორ მოხდება, როდის გადაწყვეტს სახელმწიფო [გაზსადენის]პრივატიზებას ეს უკვე შემდგომი საკითხია“.

კუბლაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღება ივლისში იგეგმება და ის ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

რუსეთ–სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის საქართველოს მონაკვეთის პრივატიზაციის თემა დროდადრო დგებოდა დღის წესრიგში 2005–2006 წლებში, როდესაც რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ „გაზპრომმა“ რამდენჯერმე ღიად გამოთქვა მისი შეძენის სურვილი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2005 წლის თებერვალში განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები "გაზპრომთან“ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თაობაზე. ამ განცხადების შემდეგ, აშშ-მ მოუწოდა საქართველოს სიფრთხილე გამოეჩინა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, რათა არ გაზრდილიყო თბილისის ენერგოდამოკიდებულება მოსკოვზე.

საბოლოოდ, ეს თემა დღის წესრიგიდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის  „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ (MCC) ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სხვა პროექტებთან ერთად, რომელთა საერთო ღირებულება 295.3 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას მოიცავდა,  ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას იმ პირობით ითვალისწინებდა, რომ საქართველო არ გაასხვისებდა ამ ობიექტს. 

"მთავრობამ არ უნდა გაყიდოს ან გადასცეს, ან ნებართვა გასცეს გაყიდვაზე ან გადაცემაზე, გაზსადენის და/ან საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის (ან მისი შვილობილი კომპანიების) აქციების საკონტროლო პაკეტი და ასევე არ უნდა გასცეს გირაოს უფლება გაზსადენზე ამ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა თუ „ათასწლეულის განვითარების ფონდი“ წერილობითი ფორმით არ განაცხადებს თანხმობას“, – ნათქვამია შეთანხმებაში.

შეთანხმების თანახმად, ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს MCC-ის ის თანხა, რაც გაზსადენის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, რის შემდეგაც MCC შეწყვეტს გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტს და ასევე დაიტოვებს უფლებას შეაჩეროს შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პროექტებიც, რომელთა განხორციელებაც 2011 წელს დასრულდება.

ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2010 წლის თებერვალში დასრულდა გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 221 კმ–იანი მილსადენის 22 უბნის რეაბილიტაციაზე 35 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.

ახალი საკანონმდებლო პაკეტი, გაზსადენის ამოღების პარალელურად, კვლავაც ითვალისწინებს იმ სახელმწიფო ქონების ჩამონათვალს, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება. მათ შორისა: წიაღი, წყლის რესურსები, ტერიტორიული წყლები, საჰაერო სივრცე, სახელმწიფო ნაკრძალი, რელიგიური და საკულტო ნაგებობები, განსაკუთრებული მნიშვნელობის არქივები, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახლ–მუზეუმები, ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეჩერიზაციის განმახორციელებელი ქონება, საჯარო სკოლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ–დასაფრენი ზოლები, სიხშირეთა სპექტრი და სხვა.

კანონპროექტით ასევე აკრძალულია ტყის ფონდების გაყიდვა, გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა. კანონპროექტი არეგულირებს მიწების გასხვისების წესებს და პრივატიზების ფორმებად ცნობს: აუქციონს (ელექტრონულ აუქციონს), პირდაპირ მიყიდვას და პირდაპირ მიყიდვას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; პროექტის მიხედვით, პრივატიზაციის პროცესს  ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტო წარმართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button