ახალი ამბები

პარლამენტმა მაუწყებელთა საგადასახადო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით მიიღო მაუწყებელთა ფინანსური ამნისტირების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ნაციონალური და რეგიონალური ტელევიზიების მიერ 1 მარტამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს.

თავდაპირველად კანონპროექტი ითვალისწინებდა დავალიანების იმ ოდენობით ჩამოწერას, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის ექნებოდათ ტელევიზიებს დაგროვილი. თუმცა ეს დებულება ფიქსირებული ვადით შეიცვალა.

საერთო ჯამში საუბარია, დაახლოებით, 36 მლნ ლარის შეღავათზე სახელმწიფოს მხრიდან, რაც ხელისუფლების თქმით, ერთჯერადი ხასიათის აქტია. თუმცა  რომელ და რამდენ ტელეკომპანიას რა კონკრეტული თანხა ჩამოეწერება კანონპროექტში არ არის მითითებული იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია ”საგადასახადო საიდუმლოებას” წარმოადგენს.

დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება –საქართველოს“ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში გაჟღერდა, გაირკვა, რომ რეგიონულ ტელევიზიების ჯამური დავალიანება სახელმწიფოს მიმართ 2 მლნ ლარს არ აღემატება, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის დავალიანება, თავად ტელევიზიის ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, დაახლოებით, 9 მლნ ლარია.

უცნობია რა წილი აქვთ ტელეკომპანიებს "რუსთავი–2“–სა და "იმედს“, დაახლოებით, 25 მლნ ლარის ოდენობით დარჩენილ დავალიანებაში.

"მაესტროსა“ და თბილისში მაუწყებელი "კავკასიის“ განცხადებით, მათ ბიუჯეტის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნიათ.

ქართული რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ ინიციატივით, პრეზიდენტი სააკაშვილი 26 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს გამოვიდა. თუმცა, მოგვიანებით საანგარიშო მოხსენების ტექსტში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, უკვე ”ყველა ქართულ ტელევიზიაზე” იყო საუბარი. ”იქნება ეს რეგიონალური თუ ნაციონალური, გამოვუცხადოთ საგადასახადო ამნისტია, რათა მათ უფრო თამამად შეეძლოთ განვითარება. ხოლო მათი მეშვეობით, ვითარდებოდეს ქართული დემოკრატია და პოლიტიკური კულტურა,“ – ნათქვამი იყო ტექსტში.

მსგავსი/Related

Back to top button