ახალი ამბები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადება აგვისტოს ომის შესწავლაზე

ჰააგაში განთავსებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენლებმა, რომლებიც გასულ კვირაში სტუმრობდნენ საქართველოს, ქართული მხარისგან მიიღო ინფორმაცია აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ, ნათქვამია სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

"რომის სტატუტი უზრუნველყოფს დაუსჯელობის დასრულებას,“ – განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ლუის მორენო ოკამპომ. რომის სტატუტი 2002 წელს შევიდა ძალაში და შედეგად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩამოყალიბდა.

"სახელმწიფოებს გააჩნიათ უმთავრესი პასუხისმგებლობა გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ [დამნაშავეები]; სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ერევა, თუ ეროვნულ დონეზე არ ხდება ჭეშმარიტი გამოძიება,“ – განაცხადა მან.

აგვისტოს ომიდან ცოტა ხნის შემდეგ, ლუის მორენო ოკამპომ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო წინასწარი მოკვლევა აგვისტოს ომზე, რაც  პროკურორის ოფისის მხრიდან პროცესის დაწყების პირველი ეტაპია. პროკურორის ოფისი საქმის გამოძიების ეტაპზე მხოლოდ მას შემდეგ გადადის, თუ სახელმწიფო, ან სახელმწიფოები ვერ ან არ ახდნენ გამოძიებას და სავარაუდო დამნაშავეთა დასჯას.

"სასამართლოს იურისდიქცია გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე, რომლებიც უკავშირდება მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას, სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა მკვლელობას და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს,“ – ნათქვამია სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში, რომლის სახელწოდებაა "საქართველოში ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.“

22–24 ივნისს განხორციელებული ვიზიტის დროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის დელეგაცია შეხვდა საქართველოს მთავარ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, ასევე იუსტიციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობას,“ – განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, "აუცილებელია, რომ გამოძიებულ იქნას იმ პირთა საქმეები, რომელთაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სერიოზულ დანაშაულებზე“.

სასამართლოს პროკურორის განცხადებით, საქართველო და რუსეთი "არსებით ინფორმაციას“ აწვდიან სასამართლოს მათ მიერ წარმოებული გამოძიების შესახებ. სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენლები საქართველოს პირველად 2008 წლის ნოემბერში ესტუმრნენ; დელეგაცია მოსკოვში – 2010 წლის მარტში იმყოფებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button