ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქე აღარ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობა მისივე განცხადების საფუძველზე გასულ კვირას შეუწყდა.

“გასულ კვირას მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ როგორც იქნა მოიცალა თუ დიდი დებატებისა და დიდი მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააკმაყოფილოს ბატონი გრიგოლ ვაშაძის განცხადება და შესაბამისი, 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის შესაბამის მუხლებს, ეს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა დადებითად,“– განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 28 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამ დრომდე ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობდა, რუსეთის ფედერაციას მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით 2009 წლის ნოემბერში მიმართა.

საქართველოს ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი დაახლოებით 30 წლის მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და 1981-1988 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2008 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მან განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო, ხოლო საქართველოს მოქალაქეობა 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით მიენიჭა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button