ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების მეთერთმეტე რაუნდი

8 ივნისს ჟენევაში მონაწილეები მორიგ, მეთერთმეტე რაუნდზე შეიკრიბებიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ფორმატის ფარგლებში.

საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის და ასევე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლები დისკუსიებში იმ სუბიექტების დაკონკრეტების გარეშე მონაწილეობენ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ – ამგვარი ფორმატი 2008 წლის ნოემბერში გამართული მეორე რაუნდის შემდეგ შეთანხმდა სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენელთა სტატუსზე უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით.

”ამ შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ პრინციპულად დააყენებს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საპოლიციო და სამშვიდობო მისიების ჩათვლით,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 7 ივნისს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ თბილისი იმ ქართველების გათავისუფლების საკითხს დააყენებს, რომლებიც აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ დააკავეს და კვლავ პატიმრობაში რჩებიან ცხინვალში. 2010 წლის მარტის მდგომარეობით ქართულმა მხარემ ყველა ის ოსი ეროვნების პიროვნება გაანთავისუფლა, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა დროს იყვნენ დაპატიმრებულები. 

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა 4 ივნისს გავრცელებულ შეტყობინებაში, რომ იმ საკითხებს შორის, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების მეთერთმეტე რაუნდზე იქნება განხილული, არის ”საქართველოსთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე არსებული” ვითარება. სამინისტროს თქმით, ასევე განიხილება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნასა და დაკავებულთა გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები ”ურთიერთმისაღები კომპრომისული ვარიანტების საფუძველზე”.

”ჟენევის დისკუსიების ამოცანად კვლავ რჩება ძალის არგამოყენების თაობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავება. რუსული მხარე განაგრძობს მცდელობებს ამ მიმართულებით,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

სამხრეთ ოსეთის შესახებ საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის (International Crisis Group – ICG) მოხსენებაში, რომელიც 7 ივნისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ჟენევის შეხვედრის მეთერთმეტე რაუნდისთვის რუსეთმა ახალი პროექტი მოამზადა, რომელიც მხარეებს ”ცეცხლის არგამოყენების შესახებ ცალმხრივ ვალდებულებებს” სთავაზობს.

პროექტი სთავაზობს თბილისს, სოხუმს და ცხინვალს ცალ-ცალკე წერილები გაუგზავნონ გაეროს უშოშროების საბჭოს, რომელშიც ძალის არგამოყენების თაობაზე ცალმხრივ ვალდებულებას იკისრებენ, ნათქვამია ანგარიშში. თავად რუსეთი უარს ამბობს ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, რადგანაც კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს თავს.

საქართველომ რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ მზად არის ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებას რუსეთთან და არა მოსკოვის ”მარიონეტულ რეჟიმებთან” სოხუმსა და ცხინვალში.

”არ არის პრობლემა, საქართველო მზად არის ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას რუსეთთან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 19 აპრილს, ”მაგრამ რუსეთს არ უნდა ამ შეთანხმების ხელმოწერა; რუსეთს უნდა, რომ ამ ხელშეკრულებას ხელი ჩვენ და სოხუმის და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა მოვაწეროთ. ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება ორი მიზეზის გამო: პირველი, მათ [ცხინვალის და სოხუმის რეჟიმები] ხელმოწერას არ აქვს და არ ექნება რაიმე სამართლებრივი ძალა, ისინი არ არსებობენ; და მეორე, თუ ჩვენ მაინც დავუშვებთ ამ შეცდომას და ხელს მოვაწერთ ამ შეთანხმებას, არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ე.წ. სახელმწიფოებთან, ჩვენ ამით ლეგიტიმაციას გავუკეთებთ მათ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button