ანალიზიახალი ამბები

ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს

საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის ვებ-გვერდზე თბილისის საარჩევნო უბნებიდან მიღებული მონაცემების გამოქვეყნება შუაღამის შემდეგ დაიწყო. 

იმავდროულად, სამი ნაციონალური ტელეკომპანიის დაკვეთით განხორციელებული ეგზით პოლების შედეგებით, მოქმედი მერი გიგი უგულავა თბილისის მერობის არჩევნებში მნიშვნელოვნად ლიდერობს.

”რუსთავი 2”-ის და ”იმედის” დაკვეთით Edison Research-ის მიერ განხორციელებული ეგზით პოლების შედეგები ეფუძნება თბილისში მდებარე 72 საარჩევნო უბანზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 12 951 ამომრჩევლის გამოკითხვას. მათგან გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა 49%-მა განაცხადა.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ეგზით პოლების შედეგებით მეორე ადგილზეა და მნიშვნელოვნად ჩამორჩება უგულავას, განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული ხმის დაცვა ხმების დათვლის პროცესში. მისი თქმით, მხოლოდ ოფიციალური შედეგები უზრუნველყოფს არჩევნების რეალურ შედეგს.

ინფორმაცია საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ძირითადად რეგიონებიდან მოდიოდა. ადგილობრივმა დამკვირვებლებმა დაშინების რამოდენიმე ცალკეული შემთხვევაც დააფიქსირეს.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ როდესაც საარჩევნო დარღვევებს ძირითადად რაიონულ ოლქებში ჰქონდა ადგილი, დედაქალაქში კენჭისყრამ მშვიდად ჩაიარა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა ჯგუფმა განაცხადა, რომ კენჭისყრამ ”მშვიდად და პროცედურის დაცვით” ჩაიარა და ”მნიშვნელოვანი დარღვევები” არ დაფიქსირებულა.

”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ეს წარმატებული ჩატარება არის ქართველი ხალხის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალქო საზოგადოების და საარჩევნო ადმინისტრაციის დამსახურება,” – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

გარდა თბილისის მერის არჩევნებისა, არჩევნები ასევე ჩატარდა 64 საკრებულოში, რომელსაც ამომრჩეველი ოთხწლიანი ვადით ირჩევს.

ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ამომრჩევლებმა სამ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტში ამჟამად არსებული სამი ვაკანტური ადგილის შესავსებად დეპუტატებიც აირჩიეს. შუალედური არჩევნები ოზურგეთის, გურჯაანის და თბილისის ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარდა. ეს შუალედური არჩევნები პარლამენტში ამჟამად არსებულ ძალთა ბალანსს არ შეცვლის და მმართველი პარტია კვლავ დომინანტურ პოზიციას შეინარჩუნებს
                       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button