skip to content
ახალი ამბები

წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტელეარხებს შორის, რომელთა წინასაარჩევნო მონიტორინგი ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს, ”კავკასიამ” ყველაზე მეტი დრო დაუთმო თბილისის მერობის კანდიდატებისა და პარტიების გაშუქებას.

მონიტორინგის შედეგების დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულებზე:

მონიტორინგის მეოთხე კვირა – 19-25 მაისი – pdf

მონიტორინგის დაწყებიდან, 26 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით შეჯამებული მონაცემები – pdf

"კავკასიამ", სხვა ტელეარხებისგან განსხვავებით, 26 აპრილიდან 25 მაისამდე პერიოდში ოდნავ უფრო მეტი დრო დაუთმო ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას, ვიდრე გიგი უგულავას. მოქმედი მერი ამ მხრივ დანარჩენ ხუთ არხზე ლიდერობს.

მაშინ როდესაც ალასანიას გაშუქებისას ”კავკასიისა” და ”მაესტროს” ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო (”კავკასიის” შემთხვევაში ზოგჯერ დადებითიც), უგულავას შემთხვევაში ტონი ნეიტრალური ან უარყოფითი იყო. ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ”რეალ TV” პირიქით – ალასანიას შემთხვევაში ამ არხებზე ნეიტრალური ან უარყოფითი ტონი ჭარბობდა (”რუსთავი 2”-ზე მთლიანად ნეიტრალური იყო), ხოლო უგულავას შემთხვევაში – ნეიტრალური ან დადებითი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ყველა კანდიდატის გაშუქება ძირითადად ნეიტრალურ ტონში ხდებოდა, თუმცა უგულავას შემთხვევაში, პირველ არხზე ასევე ქონდა ადგილი უარყოფით ტონში გაშუქებასაც.

აღნიშნულ მედია მონიტორინგს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

ევროკავშირის დელეგაციისა და UNDP-ის განცხადებით, მედია მონიტორინგი ნაწილია იმ პროექტისა, რომლის მიზანია ხელი შეეწყოს მოსახლეობისათვის დაბალანსებული და ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდებას, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.

წინასაარჩევნოდ მედია მონიტორინგს ეუთოს დამკვირვებლებიც ატარებენ. მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 8 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით პერიოდში ”სატელევიზიო არხების უმეტესობა არათანაბარ დროს უთმობდა პრაიმ-ტაიმის ახალი ამბების ეთერში სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებისა და კანდიდატების გაშუქებას – ზოგიერთი მათგანი უპირატესობას ანიჭებდა სამთავრობო კანდიდატებს, ზოგი კი – ოპოზიციისას”.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ”სთავაზობდა მაყურებელს საარჩევნო კამპანიის შედარებით დაბალანსებულ სურათს პრაიმ-ტაიმის ახალ ამბებში”.

ანგარიშის თანახმად ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”იმედმა” მმართველი პარტიის და მის მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატის მიმართ გამოხატეს მხარდაჭერა.

”ორივე არხი ფართოდ და დადებითად აშუქებს ხელისუფლების საქმიანობას საარჩევნო კამპანიის კონტექსტის გარეშეც, რითაც, არაპირდაპირი გზით, სამსახურს უწევს სამთავრობო კანდიდატებს,” – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ანალოგიურ მიდგომას იჩენს ტელეკომპანია ”აჭარაც”.

ტელეკომპანია ”რეალ TV”, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს, ”დაუფარავ არაობიექტურობას იჩენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ”.

თბილისის მაუწყებელი არხები  ”კავკასია“ და ”მაესტრო“ კი პირიქით, ”დღემდე ოპოზიციის, კერძოდ კი ”ალიანსი საქართველოსთვის“ პლატფორმის როლს ასრულებენ,” – ნათქვამია ანგარიშში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button