ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ ყოფილი გამომძიებლის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაავალა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ყოფილ უფროსს ბათუ საღინაძეს გადაუხადოს 15 000 ევრო და დაუბრუნოს ის სახლი, სადაც ის ოჯახთან ერთად 1994 წლიდან ცხოვრობდა, ან გადაუხადოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, იტყობინება სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახური 27 მაისს.

73 წლის ბათუ საღინაძე, რომელიც ფეხბურთელ კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცების საქმეს იძიებდა, ამჟამად 7-წლიან სასჯელს იხდის. მას კალაძის საქმის გამოძიება ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაავალეს, როდესაც ის უკვე პენსიაში იყო გასული. თუმცა რამოდენიმე თვის შემდეგ ის ამ საქმეს ჩამოაშორეს და 2004 წლის ივნისში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, საღინაძე სამსახურიდან დაითხოვეს. მაშინ საღინაძე ირწმუნებოდა, რომ მისი დათხოვის მიზეზი იყო მის მიერ კალაძის საქმის გამოძიების დროს ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვის არასასურველი ფაქტის აღმოჩენა.

2004 წლის ოქტომბერში საღინაძემ უშიშროების საბჭოს გაუგზავნა საიდუმლო მოხსენება, სადაც, როგორც თავად ამბობს, ეს ფაქტები იყო ასახული. ორი კვირის შემდეგ პოლიციამ საღინაძის ოჯახი ძალით გამოასახლა სახლიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას, როგორც აფხაზეთიდან დევნილს და მის თანამშრომელს, 1994 წელს გადასცა. 2000 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით ეს სახლი საღინაძეს სარგებლობაში გადავიდა, თუმცა რა ვადით, განკარგულებაში დაკონკრეტებული არ იყო.

2006 წლის მარტში საღინაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ჩვენების მისაცემად პირის იძულება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საიდუმლო დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება-გადამალვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. 2007 წლის თებერვალში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სტრასბურგის სასამართლოში 2005 წელს გაგზავნილ სარჩელში, საღინაძე და მისი ოჯახის წევრები იმ სახლის დაბრუნებას ითხოვდნენ, სადაც ისინი 1994 წლიდან ცხოვრობდნენ. მას შემდეგ რაც 2006 წლის ივნისში ის დააკავეს, სტრასბურგში გაგზავნილ მის სარჩელს კიდევ რამოდენიმე საკითხი დაემატა, სადაც საღინაძე მის წინასწარ პატიმრობას ასაჩივრებდა.

საღინაძისთვის წინასწარი პატიმრობის შესახებ პირველი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ კანონდარღვევად არ მიიჩნია. თუმცა უკანონოდ სცნო სასამართლოს მიერ საღინაძისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება, რომელიც, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, შაბლონური და დაუსაბუთებელი იყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ საღინაძეს მორალური ზიანისთვის 15 000 ევრო ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან  სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს, ხოლო სახლი უნდა დაუბრუნოს, ან შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს ექვსი თვის ვადაში.

Back to top button