
საქართველო ნატოს სტრატეგიული კონცეფციისთვის მომზადებულ რეკომენდაციებში
ნატოს გაფართოება უნდა გაგრძელდეს და ის ქვეყნები, რომლებსაც ამის სურვილი გააჩნიათ, უნდა გახდნენ ალიანსის წევრები მას შემდეგ, რაც ისინი წევრობისთვის აუცილებელ პირობებს შეასრულებენ, ნათქვამია ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციისთვის წინადადებებს მოიცავს.
რეკომენდაციები 12 ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა მოამზადა, რომლის ხელმძღვანელი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაითია. ანგარიში ჯგუფმა ნატოს ხელმძღვანელობას 17 მაისს წარუდგინა.
ანგარიშის ერთი ნაწილის ქვესათაურია: ”პარტნიორობა საქართველოსთან და უკრაინასთან”. აქ ნათქვამია, რომ ”ნატოს პარტნიორობის სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ”წარუმატებლობა” რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომი იყო.
ანგარიშის თანახმად, ამ ორ ქვეყანასთან ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისიების მეშვეობით ალიანსის საკომუნიკაციო არხები ”შესანიშნავია”.
”ნატომ რეგულარულად უნდა გამოიყენოს ნატო-უკრაინის და ნატო-საქართველოს კომისიები, რათა განიხილონ საერთო უსაფრთხოების პრობლემები და ხელი შეუწყონ პრაქტიკულ თანამშრომლობას, მათ შორის თავდაცვის რეფორმებზე,” – ნათქვამია მოხსენებაში.
”რაც უფრო ნათლად აუხსნის ნატო თავის პოზიციას პარტნიორებს და რაც უფრო ზუსტად შეძლებს ის მათი შეხედულებების შეფასებას, მით უფრო კარგად შეძლებს ის კრიზისების განმუხტვას.”
”ნატომ ამ კომისიებთან მიმართებაში ალიანსის კრიზისების მართვის მექანიზმებიც უნდა გამოიყენოს, რათა შეძლოს შეაფასოს და თვალყური ადევნოს უსაფრთხოების კუთხით ამ ორ ქვეყანაში არსებულ ვითარებას,” – ნათქვამია ანგარიშში.
ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში ლისაბონში, ნოემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე დისკუსიების საფუძველი გახდება. სწორედ იქ მოხდება ალიანსის განახლებული სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)