
საპატრიარქო ”უხამსობისგან დასაცავად კანონის” მიღებისკენ მოუწოდებს
საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ხელისუფლებას მოუწოდა ”სასწრაფოდ” მიიღოს კანონი, რომელიც ”სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს”.
15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა, რომ ”უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული ფასეულობების და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ” და ”არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემდგარი [წიგნის] პრეზენტაციაც ამ მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის პირველი ნაწილი იყო”.
საუბარია 20 წლის, ერეკლე დეისაძის მიერ დაწერილ წიგნზე ”საიდუმლო სირობა,” რომლის პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აპრილის შუა რიცხვებში გაიმართა. დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ, 3 მაისს რადიკალურმა მართლმადიდებლურმა ჯგუფებმა, მათ შორის მართლმადიდებელ ქრისტიან მშობელთა კავშირმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, მათ წიგნი დაგმეს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის გადადგომა მოითხოვეს. მომიტინგეების თქმით, უნივერსიტეტის შენობაში წიგნის პრეზენტაციის გამართვაზე ნებართვით, მან ”ანტი-მართლმადიდებლური იდეოლოგიის” გავრცელებას დაუჭირა მხარი. აქციიდან მეორე დღეს, 4 მაისს, მომიტინგეების მეორე ჯგუფმა კონტრ-აქცია გამართა ლოზუნგით ”სიტყვის თავისუფლება” და ”არა ფაშიზმს”. თუმცა, ეს აქცია რადიკალურმა მართლმადიდებლურმა ჯგუფმა დაარბია და მომიტინგეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უფრო მცირე მასშტაბის ანალოგიური აქცია იგივე უნივერსიტეტის წინ რამდენიმე დღის შემდეგაც გაიმართა. ამ საკითხთან დაკავშირებულ მოვლენათა კულმინაცია კი 7 მაისს გვიან ღამით ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მომხდარი შეხლა-შემოხლა იყო.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ მოვლენებთან დაკავშირებით 15 მაისამდე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, საპატრიარქოს პოზიციის გამოხატულებათ იქნა აღქმული, როდესაც საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი, დეკანოზი დავით ისაკაძე ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ დააჯილდოვა.
15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო ასევე აცხადებს, რომ ”მართლმადიდებლობის სახელით არცერთი ორგანიზაცია არ არის საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილი”.
საპატრიარქომ ასევე განაცხადა, რომ ”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის ნაწილია. მართალია, საპატრიარქო არ ადანაშაულებს ტელეკომპანიას ჩხუბის პროვოცირებაში, თუმცა ამგვარი ბრალდებები ტელეკომპანიის წინააღმდეგ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის უკან მდგომმა სასულიერო პირებმა გაახმოვანეს.
”დღეს არის მცდელობა, რომ ხალხის მთელი ყურადღება გადატანილ იქნას ”კავკასიის” ეთერში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ხოლო მის გამომწვევ მიზეზებზე ცოტა ვინმე საუბრობს,” – განაცხადა საპატრიარქომ, ”სინამდვილეში კი ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია მორალურ-ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, რაც წიგნის დაბეჭდვასა და მისდამი პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში გამოიხატა”.
”ვფიქრობთ, არავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ საქართველოს ეკლესია, ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, ძალადობას ვერასოდეს დაუჭერს მხარს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი,” – ნათქვამია განცხადებაში.
”ეკლესია არის ურთიერთგაგების, ერთობისა და მშვიდობის მომხრე და მოსურნე (ამ პრინციპებისადმი ჩვენი ერთგულება უახლოეს წარსულშიც არაერთხელ გამოვლინდა), მაგრამ ეკლესია ასევე ვერ დაუჭერს მხარს უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას. დემოკრატიულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ამიტომაცაა ევროპის თითქმის ყველა ტრადიციულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და პატივისა და ღირსების უფლება თანაბრად დაცული,” – ნათქვამია განცხადებაში.
”ამიტომაცაა საყოველთაოდ აღიარებული, რომ გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვათა უფლებების დარღვევა; და რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს შუღლისა და დაპირისპირების პროვოცირების უფლებას, ეკლესიის შეურაცხყოფის, რელიგიური გრძნობების შელახვის და სახელმწიფო სიმბოლოების დამცირების უფლებას,” – აცხადებს საპატრიარქო.
მისი თქმით, წიგნთან დაკავშირებული მთელი არეულობა შეგნებულად გაკეთდა და ”დეისაძე დაკვეთის შემსრულებელი ბრმა იარაღი იყო იმისთვის, რომ მოეხდინათ მორწმუნეთა, განსაკუთრებით კი, მართლმადიდებელთა, პროვოცირება”.
”ეს `წიგნი’ და მისი პრეზენტაციაც იყო სატყუარა, ხაფანგი, რაც შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ამიტომაც საპატრიარქო არ ჩაერთო დებატებში და მოსახლეობასაც მოუწოდებს თავშეკავებისაკენ,” – აცხადებს საპატრიარქო.
”დღეს კი, როდესაც ვნებათაღელვა შედარებით დაცხრა და მეტნაკლებად გონივრული ქმედების საშუალება მიეცათ ადამიანებს, მიგვაჩნია, რომ ვალდებულნი ვართ, საზოგადოებაც და ხელისუფლებაც გავაფრთხილოთ იმ საშიშროების შესახებ, რასაც საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა გვიქადის: ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში თუ აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიური გრძნობები ასე შეილახება (სასამართლოში ჩივილით ადამიანი ვერ იღებს იმ კომპენსაციას, რა დონის ზიანიც მას მორალურად მიეყენება), არავითარი გარანტია არ არის იმისა, რომ შინაურმა თუ გარეშე მტერმა ისარგებლოს ამით და დეისაძის მსგავსი ადამიანის საშუალებით ასევე განზრახ შელახოს სხვა რელიგიების ან სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობებიც, რაც სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზად შეიძლება იქცეს და რამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს,” – ნათქვამია განცხადებაში.
”ამიტომაც მივმართავთ ხელისუფალთ, რეალური შეფასება მისცენ მომხდარს და სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს. ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მშვიდობასა და კეთილდღეობას,” – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English Русский