
სააკაშვილმა ”კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს ”დარბევა” უწოდა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო გუშინ ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს ”თავდასხმა ჟურნალისტებზე და ტელეკომპანიის დარბევა”.
”პრეზიდენტმა გუშინვე გასცა დავალება, რათა სამართალდამცავებმა ბოლომდე მიიყვანონ გამოძიება, მოკვლეული იყოს ყველა დეტალი და კანონის შესაბამისად პასუხი მოეთხოვოს იმ პირს, ვინც ძალადობასა და თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა,”- განაცხადა პრეზიდენტის სახელით მისმა პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. სააკაშვილი ამჟამად კოსტა-რიკაში იმყოფება.
ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში პარასკევს ღამით რადიკალურად განწყობილი მართლმადიდებლური ჯგუფების ლიდერებსა და მათ ოპონენტებს შორის მიმდინარე დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცებმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადაცემა ”ბარიერის” ზოგიერთ სტუმარს და ასევე ტელეკომპანიის რიგ თანამშრომლებს. დაკავებულია ინციდენტში მონაწილე რვა პიროვნება.
”სიძულვილის, ძალადობის, შეუწყნარებლობისა და ექსტრემიზმის ქადაგება არის კატეგორიულად მიუღებელი,”- აღნიშნა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა და დასძინა, რომ ”ხელისუფლება აღკვეთს მსგავსს და ნებისმიერ ძალადობას”.
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ასევე დაგმეს მომხდარი ინციდენტი.
”თანამედროვე რუსეთი მარტო ტერიტორიებს კი არ იკავებს… არამედ ცდილობს ქრისტიანობას გამოაცალოს არსი, ჩაანაცვლოს იგი ასეთი ექსტრემისტული, ქსენოფობიური და არსებითად ფაშისტური სიმბოლიკითა და შინაარსით და შექმნას ის ჯგუფები, რასაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, ”შავრაზმელებს” ეძახდნენ,”- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა მმართველი პარტიიდან.