ახალი ამბები

რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მიიღო გადაწყვეტილება 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება მისცეს იმ თორმეტი ათასზე მეტ ამომრჩეველს, რომლებიც ამჟამად არსად არ არიან დარეგისტრირებული; თუმცა ამ უფლების გამოსაყენებლად მათ 14 მაისამდე საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა მიმართონ და წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ.

ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებულია იმ 12 539 პირის სია, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე არის რეგისტრაციიდან მოხსნილი.

ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ბინების მეპატრონეთა თხოვნით იქნენ ამოწერილი, როდესაც მათ აღმოაჩინეს, რომ მათთვის უცნობი პირი ან პირები იყვნენ რეგისტრირებული მათ ბინებში.

თუ საიდან გაჩნდნენ ამ კატეგორიის ამომრჩევლები ბოლომდე ნათელი არ არის; ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ზოგიერთ მსგავს შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ხელისუფლების მხრიდან განზრახ ქმედებას.

ჯერ კიდევ 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ქონდა შემთხვევებს, როდესაც მმართველი პარტიის აქტივისტებზე ყალბი პირადობის მოწმობები გაიცემოდა, რაც მათ ხმის რამოდენიმეჯერ მიცემის საშუალებას მისცემდა. რესპუბლიკურმა პარტია მაშინ აცხადებდა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ათობით ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული თბილისის ერთი და იმავე ბინაში. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც მაცხოვრებელთა უჩვეულოდ მაღალი რაოდენობა იყო რეგისტრირებული ერთ ბინაში, არჩევნებზე ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამაც დაადასტურა თავის მოხსენებაში, რომელიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

გასული წლის ბოლოს, პრესისა და ოპოზიციის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია თავის აქტივისტებს რაიონებიდან  თბილისის სხვადასხვა მისამართებზე არეგისტრირებდა, რათა მათთვის ადგილობრივი არჩევნების დროს თბილისში ხმის მიცემის საშუალება მიეცა. თბილისში მხარდამჭერთა რაოდენობის ხელოვნური ზრდის შესახებ არსებული ეჭვების გაქარწყლების მიზნით, მმართველი პარტია დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანაზე დათანხმდა. ცვლილების თანახმად, თბილისში ხმის მიცემა ეკრძალებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც 15 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდში დარეგისტრირდებიან თბილისში არსებულ საცხოვრებელ ადგილებზე. ამ კატეგორიის ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება თავიანთი წინა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ექნებათ.

სამოქალაქო რეესტრის განცხადებით, მთავარი მიზეზი, თუ რატომ წარმოიშვა ე.წ. ”მიწერილი ამომრჩევლის” პრობლემა არის ის, რომ უმეტეს შემთხვევებში მოქალაქეები არ ატყობინებენ რეესტრს ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლის შესახებ და ეს მოქალაქეები ოფიციალურად ისევ წინა საცხოვრებელ ადგილას რჩებიან დარეგისტრირებულები. კანონის თანახმად, მოქალაქე ვალდებულია, რომ რეესტრს შეატყობინოს მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ და ხელახლა დარეგისტრირდეს ახალ მისამართზე ექვსი თვის ვადაში.

თუმცა, არის შემთხვევები როდესაც მიზეზი ეს არ არის. მაგალითად ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელსაც Civil.Ge მიჰყვა, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთი ბინის მეპატრონემ, სადაც ის ბოლო 22 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საარჩევნო სიაში საკუთარი თავის გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ მის ბინაში, ოჯახის კიდევ ორ წევრთან ერთად, მიწერილი იყო მისთვის უცნობი პიროვნება ზ.მ. ეს ამ მესაკუთრისთვის პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სიაში მის მისამართზე მიწერილი უცხო პიროვნება აღმოაჩინა. ბინის მესაკუთრე ქალბატონმა სამოქალაქო რეესტრს მიმართა თხოვნით რეგისტრაციიდან მოეხსნა ეს პიროვნება და ასევე სთხოვა ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა ამ პიროვნების დარეგისტრირება მის მისამართზე. მას უთხრეს, რომ ეს შესაძლოა უბრალოდ შეცდომა ყოფილიყო და რომ ზ.მ ამჟამად სხვა მისამართზეა დარეგისტრირებული გლდანის რაიონში. თუმცა გლდანის რაიონში, ამ მისამართზე არსებული კერძო სახლის მეპატრონემ, რომლის თქმითაც ის იქ ოც წელზე მეტია ცხოვრობს, განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ის ზ.მ.-ს არც იცნობს და არც ამ სახლში არასოდეს უცხოვრია.

ცესკოს გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეთა მოთხოვნით სხვადასხვა მისამართებიდან ამოწერილმა ამომრჩევლებმა ხმის მიცემის უფლების მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ საოლქო საარჩევნო კომისიებში. წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ იმ საარჩევნო უბანზე მისცენ ხმა, სადაც ისინი ბოლოს იყვნენ ჩაწერილები – ანუ იმ მისამართზე რომლიდანაც ისინი მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ამოწერეს.

ამ გადაწყვეტილების ოპონენტები, მათ შორის რესპუბლიკური პარტია, აცხადებენ, რომ ეს საარჩევნო კოდექსთან შეუსაბამობაში მოდის.

საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მესამე პუნქტში ნათქვამია: ”ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით”. 

ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ კომისიამ ეს გადაწყვეტილება იმ პრინციპზე დაყრდნობით მიიღო, რომ ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

საოლქო საარჩევნო კომისიებში წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს უფლება ექნებათ საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში მისცენ ხმა, ხოლო თბილისის შემთხვევაში – მერის არჩევნებშიც. თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს მისცენ ხმა.

This post is also available in: English Русский

Back to top button