
ოპოზიციამ ”პოლიტიკური პატიმრების მიმართ სოლიდარობის” მიზნით აქცია გამართა
30 აპრილს საპროტესტო აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი და შემდეგ თავისუფლების მოედანი ერთ საათზე მეტი გადაკეტილი ქონდათ; აქციის მთავარი მოთხოვნა ”პოლიტიკური პატიმრების და უკანონო პატიმრების” განთავისუფლება იყო.
12 აპრილს როგორც საპარტამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ჯგუფმა ერთობლივი მიმართვა გააკეთა საერთაშორისო თანამეგობრობის და თბილისში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატების სახელზე, რომელიც მათ უკანონო და პოლიტიკური პატიმრების პრობლემისადმი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებდა.
”დღევანდელი დღე არის სოლიდარობა უკანონო პატიმრებს და პოლიტიკურ პატიმრებს,” – განუცხადა ალიანსი საქართველოსთვის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს 30 აპრილის აქციაზე.
”უკანონოდ ადამიანის დაპატიმრება არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი არჩევნების გასაყალბებლად. ადამიანი როდესაც უკანონო პატიმრობაშია, სხვებს ცხადია უჭირთ პოზიციის ღიად და საჯაროდ გამოხატვა,” – განუცხადა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.
თავდაპირველად, მომიტინგეები, რომელთა შორის ასევე იყო რამოდენიმე ოპოზიციური ლიდერი, მათ შორის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს თანადამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე, და კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.
მომიტინგეები ასევე მოითხოვდნენ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის შეცვლას სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, ასევე ფართომასშტაბიან ამნისტიას და პატიმართა ვადამდე გათავისუფლების პროცესის გამჭირვალობას.
აქცია საღამოსთვის მშვიდობიანად დაიშალა; ორგანიზატორთა თქმით, მომდევნო აქცია 6 მაისს გაიმართება.
პარლამენტის წინ მსგავსი მოთხოვნებით, უფრო მცირე მასშტაბის აქცია 15 აპრილსაც გაიმართა.
აქციების ამ სერიის ინიციატორია მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ყოფილი წევრი ეკა ბესელია. მისი ძმა სერგო ბესელია და შვილი რატი მილორავა შარშან აგვისტოში დააპატიმრეს, ხოლო დეკემბერში ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ, შესაბამისად, 2,5 და 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. 28 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა. ეკა ბესელიას განცხადებით, მისი ძმა და შვილი მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო დააკავეს და გაასამართლეს. ბესელიამ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია თებერვალში დატოვა და ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანი, მისი თქმით, არის ”უკანონოდ დაპატიმრებული პირების უფლებების დაცვა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის ბრძოლა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)